2020 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 3 ლარით შემცირდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 186.6 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა მაისში ეს მაჩვენებელი 189.6 ლარი იყო.
2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 1.5 ლარით არის შემცირებული. კერძოდ, 2019 წლის ივნისში ეს მონაცემი 188.1 ლარს შეადგენდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, ივნისში მაისთან შედარებით 5 ლარით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 313 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2019 წლის ივნისის მონაცემთან შედარებით, 2.5 ლარით არის შემცირებული.