ჩინეთი აშშ-ს დაწესებული სანქციების გამო საპასუხო ნაბიჯით ემუქრება

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის დაწესებულ სანქციებს და საპასუხო ნაბიჯებით იმუქრება, - „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

”მკაცრად ვგმობთ და ვეწინააღმდეგებით ჩინეთის ოფიციალურ პირებსა და ბანკებზე დაწესებულ სანქციებს. ჩინეთი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც აუცილებელია მისი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად და აშშ-ს შესაბამის კერძო პირებსა და ორგანიზაციებს სანქციებს დაუწესებს,“- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა განკარგულებას ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუსის გაუქმების შესახებ. პრეზიდენტმა განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ჩინეთის დასასჯელად, მის მიერ ჰონგ-კონგთან დაკავშირებით მიღებული უსაფრთხოების ახალი კანონის გამო, მიიღო. გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს სანქციების დაწესების შესახებ. განკარგულების თანახმად ბანკებს, რომლებიც თანამშრომლობენ ჩინეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც უსაფრთხოების ახალ კანონს ახორციელებენ, სანქციები დაუწესდებათ.