პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრები („საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ და ორგანიზაცია „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები“) დაბა კაზრეთში „არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში გადამწყვეტ ფაზაში შესულ სამუშაოებს გაეცნენ,- აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია „არემჯი“ ავრცელებს.
გასვლით შეხვედრაზე „არემჯის“ წარმომადგენლებმა სტუმრებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწერილობის საფუძველზე, კომპანიის მიერ განხორციელებული გარემოსდაცვითი პროექტებისა და ღონისძიებების შედეგები გააცნეს.
ვიზიტის ფარგლებში მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა 10-მდე ობიექტი დაათვალიერეს, სადაც რამდენიმე წელია „არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში აქტიური მიწის სამუშაოები, სატუმბი, სადრენაჟე და გამწმენდი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე მტვრისდამჭერი ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს.
„არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორის თორნიკე ლიპარტიას განცხადებით, ამ ეტაპისთვის გარემოსდაცვით პროექტებში კომპანიამ უკვე 30 000 000 ლარი დახარჯა.
„ჩვენი ძირითადი გამოწვევა კომპანიის ტერიტორიიდან გამდინარე წყლები იყო, რაც ამ ეტაპისთვის ძირითადად ლოკალიზებულია. ასევე მადნის სამსხვრევებთან დამონტაჟებულია წყალგამფრქვევი სისტემები, რომელიც წარმატებით ებრძვის მტვერს. რაც შეეხება ნიადაგს, ამ მიმართულებით ჩვენთვის პრიორიტეტი სარეკულტივაციო სამუშაოებია, რომელიც აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპისთვის გარემოსდაცვით პროექტებში კომპანიამ უკვე 30 000 000 ლარი დახარჯა, წლის ბოლომდე ვფიქრობ კიდევ 10 000 000 ლარამდე დაიხარჯება, რაც საბოლოოდ მოგვცემს სასურველ შედეგს“,- აღნიშნა თორნიკე ლიპარტიამ.
„2020 წლის დასაწყისში ჩვენ სამუშაო ჯგუფმა გამოვაქვეყნეთ ანგარიში, სადაც დეტალურად არის აღწერილი ის პრობლემატიკა, რომელიც ამ ტერიტორიაზე ათწლეულების მანძილზე იყო დაგროვილი. თქვენ თავადაც ხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანი, მასშტაბური სამუშაოებია ჩატარებული. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა მიწერილობით გათვალისწინებული სამუშაოები დაწყებულია, ხშირ შემთხვევაში დასრულებულია, თუმცა არის მიმდინარე პროექტებიც, რომლის დასრულებასაც წლის ბოლომდე ველოდებით“,-აღნიშნა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.
საყდრისის კომიტეტის სამუშაო ჯგუფის წევრი, ნინო ბურჭულაძე აცხადებს, რომ ყოველკვირეულ რეჟიმში ხდება პროცესზე ეკოლოგიასთან მიმართებაში დაკვირვება.
,,მინდა გითხრათ, რომ ,,საყდრისის კომიტეტი” ამ ორი წლის განმავლობაში არსად წასულა და ჩვენ ფაქტობრივად, ისევ ,,ბრძოლის ველზე” დავრჩით. თითქმის ყოველკვირეულ რეჟიმში ვაკვირდებით პროცესს ეკოლოგიასთან მიმართებაში. თქვენ თუ თვალს გადაავლებთ რა ხდებოდა კომპანიაში ორი-სამი წლის წინ, დაინახავთ რომ ძირეულად განსხვავდება სიტუაცია. მაშტაბური სამუშაოებია ჩატარებული. თუმცა რა თქმა უნდა, პრობლემები ასევე ბევრი გვრჩება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ დროისთვის, როდესაც კომპანიამ უნდა დაასრულოს გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულება, წლის ბოლოსთვის ძირეულად შერბილდება გარემოზე მიყენებული ზიანი”, -განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.