დღეს თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ დავნერგეთ შრომის უსაფრთხოების კულტურა საქართველოში, - ამ სიტყვებით გახსნა შრომის ინსპექციის 5 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, მკვეთრად გაუმჯობესდა სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ზომები.
„2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, უბედური შემთხვევების რაოდენობა 24 %-ით, ხოლო 2020 წლის პირველ ნახევარში, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 35%-ით არის შემცირებული. ეს ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ და შევქმნათ უსაფრთხო გარემო ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა დაცული იყოს არა მხოლოდ მათი ჯანმრთელობა, არამედ სიცოცხლეც. ყოველივე ამით ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს ევროპული ოჯახისკენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ეს აისახებოდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე,“ - განცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა 2015 წელს დაიწყო. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სწორედ ამ დროს შეიქმნა. 2015 წლიდან 2018 წლამდე იყო გარდამავალი პერიოდი, როდესაც დეპარტამენტს მიეცა შესაძლებლობა ჩამოყალიბებულიყო, როგორც ძლიერი მაკონტროლებელი ორგანო, ხოლო ბიზნესს მიეცა მოსამზადებელი პერიოდი, რათა გაცნობოდნენ და დაეცვათ შრომის უსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნები.
2018 წლის მარტში მიღებულ იქნა კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც 1 აგვისტოდან ამოქმედდა და შრომის ინსპექცია გადავიდა შრომის უსაფრთხოების ნორმების კონტროლის სრულიად ახალ ეტაპზე. 2019 წლის 1 სექტემბრიდან კანონი გავრცელდა ყველა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ობიექტებზე და დაიწყო ყველა სფეროს აქტიური კონტროლი შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულებაზე, რომელიც დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს.
„2015 წლის შემდეგ გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლის უკანაც ძალიან დიდი შრომა დგას - როგორც აღსრულების კუთხით, ასევე საკანონმდებლო კუთხით. მადლობას ვუხდი პარლამენტარებს, დეპუტატებს, რომლებმაც ამ მიმართულებით დიდი შრომა გაწიეს, მადლობა პარტნიორ ორგანიზაციებს და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას აწარმოებდნენ ამ 5 წლის მანძილზე. დარწმუნებული ვარ, რომ მათი საქმიანობა მომავალში ბევრად უფრო ეფექტური და დაფასებული იქნება.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, მსოფლიოში მიმდინარე პანდემიური პროცესების ფონზე, მკვეთრად გაიზარდა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის როლი. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახერხა სექტორულ დონეზე, კონკრეტული საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების შეფასების საფუძველზე შეემუშავებინა რეკომენდაციები.
„ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობების აღდგენის პროცესის ეფექტურად მართვის მიზნით, დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ იქნა 33 რეკომენდაცია სექტორულ დონეზე. აღნიშნული რეკომენდაციების აღსრულების პროცესში, სწორედ შრომის ინსპექციას დაევალა სხვა სახელმწიფო უწყებების კოორდინება და ინსპექტირების პროცესის მართვა მთელი საქართველოს მასშტაბით.
გარკვეული ბიზნეს სუბიექტების საქმიანობის აღდგენა, როგორიცაა სამშენებლო კომპანიები, სასტუმროები, სტომატოლოგიური, პროფესიული და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, ფიტნესები და აუზები, შესაძლებელი იყო მხოლოდ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგნლების შემოწმებისა და დადებითი დასკვნის გაცემის შედეგად.
კორონავირუსის პრევენციისთვის განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვის მიზნით, უკვე განხორციელდა 13 300 მდე ინსპექტირება, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ინსპექტირება ხორციელდება როგორც გეგმურად, ასევე არაგეგმურად.
ღონისძიება „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები, პარტნიორი ორგანიზაციები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.