„ივანიშვილს უნდა, კონტროლი დაამყაროს არა მხოლოდ იმ ბიზნესზე, სადაც აქვს ინტერესები, არამედ თავის პარტნიორებზეც“

„ივანიშვილს უნდა, კონტროლი დაამყაროს არა მხოლოდ იმ ბიზნესზე, სადაც აქვს ინტერესები, არამედ თავის პარტნიორებზეც“, - ამის შესახებ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ საქმე“ განაცხადა. ამით ის მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებულ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებები მარეგულირებლის უფლებების არნახულად გაზრდას, საინვესტიციო იმიჯის გაურესებას და ბიზნესზე კონტროლის სრულად დამყარებას შეუწყობს ხელს.

ცნობისთვის, მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანმა ცვლილებებმა მხარეების დაპირისპირება გამოიწვია. პროექტის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს და ამ ნაბიჯით საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულება უზრუნველყოს. კანონპროექტის პირველი ვერსიით, სპეციალურ მმართველს საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები ენიჭება, მათ შორის, შესაძლებელი ხდება კომპანიის წილებისა და აქციების გახსვისება აუქციონის წესით. სატელეკომუნიკაციო კომპანიები აღნიშნულის მიღების კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ. ბიზნესი თვლის, რომ პროექტი კომუნიკაციების კომისიას როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ ბერკეტებს გაუჩენს იმისათვის, რომ მათ საქმიანობაში ჩაერიოს. თუმცა, როგორც დღეს, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა განაცხადა, ბიზნესთან კონსენსუსი შედგა.

მისი თქმით, თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით დავიწროვდა გადაწყვეტილებების არეალი, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც ჩაირთვება ეფექტიანი აღსრულების მექანიზმი. ამასთან, 5 სპეციფიკური ვალდებულებიდან, რომელიც დაკისრებული აქვს ოპერატორს, დარჩა მხოლოდ ორი ვალდებულება. კახა ბექაურის განმარტებით, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის თუ არსებული საკანონმდებლო მექანიზმები არ იქნება ეფექტიანი, ამ შემთხვევაში 4 ჯარიმის, 4 სანქციის შემდეგ ჩაირთვება დროებითი მმართველის მექანიზმი. იმისთვის კი, რომ კომპანიამ აღმოფხვრას დარღვევა და შეასრულოს კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება, მას ეძლევა გონივრული ვადა, რომელიც დღეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია.

რომან გოცირიძე: „არსებობს კანონი, რომელიც ითვალისწინებს, ენერგეტიკის სფეროში, მაგალითად „თელასის“, „ენერგო პრო ჯორჯიას“, ან ნებისმიერი „სოკარის“ მფლობაში არებული გაზგამანაწილებელი კომპანიების 5%-ზე მეტი წილის გაყიდვის საკითხს. კერძოდ, აქტივების 5%-ზე მეტის გაყიდვის უფლებას არ გაძლევს რეგულატორი, ანუ სემეკი. ეს ხომ წარმოუდგენელი რამ არის?! ზუსტად მსგავსი აღსრულების მექნიზმები შემოდის ოღონდ, განსხვავებული ფორმით. აქ 5%-ზე მეტ წილს თუ გაყიდი, ნებართვა უნდა აიღო. ერთადერთი ორგანო, სადაც 10%-ან წილზე მეტის გაყიდვის შემთხვევაში კომერციულმა ბანკმა ნებართვა უნდა ითხოვონ, არის ეროვნული ბანკი, რადგან აქ ფულის გათეთრების და უამრავი სხვა რისკები არსებობს. ეს ნორმები, რომელიც საფინასო სექტორშია გამონაკლისის სახით, გადაიტანეს მეორე მარეგულირებელში, რომელიც ახლა იხილება და არანაკლებ პრობლემატურია. ამიტომ, ორივე მარეგულრებელი, ხელისუფლებაში კომბლის როლის მატარებელი გახდა, გინდათ ენერგეტიკას ჩაარტყამ თავში, გინდა კომუნიკაციების სისტემას“.

როგორც რომან გოცირიძემ განაცხადა, აღნიშნული ცვლილებების წინააღმდეგ, სრულიად ბიზნესი წავიდა.

„მთელი სამთავრობო ბიზნესი დადგა ფეხზე. მაგალითად, ბატონი რუხაძე, რომელიც არის "იმედის" მფლობელი, ასევე, ცემენტის ქარხნის მფლობელი (ბიძინა ივანიშვილთან ერთად) კასპში, რომელიც ასევე არის „ლიბერთი ბანკის“ და „მაგთის“ 45%-ის მფლობელი. ისიც გამოდის კომიტეტის სხდომაზე კითხვით. ნუთუ, მარეგულირებელი კომისიის თავმჯომარე კახა ბექაური ისეთი ძლევამოსილი პიროვნებაა, რომ აზანზარებს ამ სისტემას, სადაც ზოგი ლოალურია ხელისუფლების მიმართ და ზოგი პირდაპირ სახელისუფლებო ბიზნესად ითვლება. თუმცა, ჩვენ ვუჭერთ ამ ადამიანებს მხარს, მიუხედავად მათ პოლიტიკური სიმპატიების და იმისა, რომ ისინი აფინანსებენ „ქართული ოცნების“ სარჩევნო კამპანიას. ვუჭერთ მხარს იმიტომ, რომ ხელისფლებები იცვლებიან, მაგრამ სისტემა უნდა იყოს მყარი. არავის უნდა ჰქონდეს წილების გაყიდვის და ბიზნესში ცხვირის ჩაყოფის უფლება.

ეს ანადგურებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს, როდესაც ბიზნესს 5%-ან წილის გაყიდვაზე ეუბნები, რომ თურმე, ხელისფლებას უნდა შეუთანხმო. ამიტომ კომპლექსურად უნდა განვიხილოთ პარლამენტში მიმდინარე პროცესები.

ეს ემსახურება ივანიშვილის ინტერესებს, რომელსაც უნდა, კონტროლი დამყაროს არა მხოლოდ იმ ბიზნესზე, სადაც აქვს ინტერესები, არამედ თავის პარტნიორებზეც“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ნინი ქეთელაური