კორონავირუსით გამოწვეულმა რეალობამ ოჯახების მნიშვნელოვან ნაწილს შემოსავლები შეუმცირა და გააღარიბა, - ამის შესახებ COVID 19- ის პანდემიის პირობებში, საქართველოს მოსახლეობის ცოდნის, რისკების აღქმის, პრევენციული ქცევისა და ნდობის მონიტორინგის შედეგებშია ნათქვამი.
კვლევის თანახმად, პანდემიის პირობებში ოჯახების 23%-ს შემოსავლები შეუმცირდა, 65%-სთვის შემოსავალი იგივე დარჩა, 3%-ს კი გაეზარდა. კვლევაში აღნიშნულია, რომ შემოსავლების კლება ძირითადად დაბალშემოსავლიან ოჯახებს შეეხო, რომელთა შემოსავალი თვეში 0-300 ლარი და 301-500 ლარი იყო, მონიტორინგის შედეგების თანახმად ღარიბები კიდევ უფრო მეტად გაღარიბდნენ.
„მესამე ტალღაში შეინიშნება მოსახლეობის შემოსავლების მცირე ზრდა; ეს ძირითადად შეეხო დაბალშემოსავლიან ოჯახებს (0-300 ლარი); ასეთი ოჯახების წილი მესამე ტალღაში, მეორე ტალღასთან შედარებით, დაახლოებით 6%-ით შემცირდა და მიუახლოვდა პირველი ტალღის ნიშნულს“, - ნათქვამია კვლევის შედეგებში.
კვლევის თანახმად სამივე ტალღაში რესპონდენტთა უმრავლესობა აცხადებს, რომ გამოკითხვის მომენტისთვის ანაზღაურებადი სამსახური არ გააჩნია.
49% (მეორე ტალღაში) აცხადებდა, რომ მათ ჰქონდათ ანაზღაურებადი სამსახური კოვიდ 19-ის პანდემიამდე. 55%-მა კი დაკარგა სამსახური იმათგან, ვისაც პანდემიამდე სამსახური ჰქონდა (მეორე ტალღა).
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ პირველ ტალღაში უმუშევრობა გაიზარდა 21%-ით, მეორე ტალღაში - 29%-ით, მესამე ტალღაში კი 20%-ით.
კვლევა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს და საქართველოს ოფისის და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს, ევროკავშირის და ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
კვლევის სამი ტალღის შედეგად, რომელიც 21 აპრილიდან 15 მაისის პერიოდში, თითოკვირიანი ინტერვალებით ტარდებოდა, საქართველოს 11 რეგიონის სრულწლოვანი (18 წლის და მეტი) მოსახლეობა გამოიკითხა. თითოეული ტალღა 1000 რესპოდენტს მოიცავდა. შერჩევის ცდომილება მთელი შერჩევისთვის ±3,1%-ია 95%-იანი სანდოობით.