აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის წარმომადგენელი კახა შაშიკაძე შეხვდა. როგორც მან აქციის მონაწილეებს განუცხადა, თურქეთში დასაქმებულ პირებს, რომლებიც სპეციალურ ბაზაში დარეგისტრირდნენ და საზღვრის კვეთა უფიქსირდებათ, სახელმწიფოსგან დახმარება გაეწევათ.
მისივე თქმით, კომპენსაციის გაცემის საკითხზე მთავრობა უკვე მუშაობს.
აქციის მონაწილეებმა კახა შაშიკაძეს სთხოვეს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრისთვის შუამდგომლობა გაუწიოს.
საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან გრძელდება, სადაც თურქეთში დასაქმებული მოქალაქეები იმყოფებიან და ხელისუფლებას პანდემიის დროს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და საზღვრის გახსნას სთხოვენ. მათი თქმით, ისინი უმუშევრად დარჩნენ.
პარალელურად აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას ე.წ ხოფის ბაზრობის ყოფილი მეპატრონე მართავს და აცხადებს, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს ქონება დაკარგა და პროკურატურა „საქმეს ხელს არ ჰკიდებს“.
"პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო, სხვა პარტიიდან ვიყრიდი კენჭს და დამიჭირეს. მოგვთხოვეს ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონება დაგვეთმო. ე.წ ხოფის ბაზრობის 51 პროცენტზეა საუბარი. მიხეილ სააკაშვილის მართველობის დროს აზრი არ ჰქონდა დავას, მას შემდეგ არაერთხელ მივმართეთ შესაბამის ორგანოებს, პრემიერ-მინისტრს, მაგრამ უშედეგოდ. ამიტომ ავირჩიეთ ეს გზა", - განაცხადა დავით ანანიძემ ე.წ ხოფის ბაზრობის ყოფილმა მეპატრონემ.
აქციას, ასევე სავაჭრო ცენტრ "ჭოროხის" ყოფილი ხელმძღვანელებიც შეუერთდნენ. მათი თქმით, ქონება დაკარგეს და დაზარალებული არიან.