კანონპროექტი, რომელიც კომუნიკაციების კომისიას ლიცენზირებულ კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევს, პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა

კანონპროექტი, რომელიც კომუნიკაციების კომისიას ლიცენზირებულ კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევს, პარლამენტმა პირველი მოსმენით 81 ხმით დაამტკიცა.

კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან/და ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისია დროებით მმართველს სასამართლო კონტროლის გარეშე ვერ დანიშნავს.

როგორც სხდომაზე კანონპროექტის მომხსენებელმა, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა განაცხადა, კომისია მიმართავს სასამართლოს და სასამართლო კომისიის შუამდგომლობიდან გამომდინარე, დროებით მმართველს დანიშნავს. მისი თქმით, კომპანიას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ზემდგომ ინსტანციაში ექნება.

ამასთან, დოკუმენტში აღარ იქნება ჩანაწერი, რომელიც დროებით მმართველს წილების გასხვისების შესაძლებლობას აძლევს. შესაბამისად, ამ დათქმის თანახმად, დროებით მმართველს კომპანიის წილის გასხვისების უფლება არ ექნება.

კანონპროექტის თანახმად, სპეციალური მმართველი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელსაც არ აქვს ინტერესთა კონფლიქტი ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიმართ. ამავე პროექტში განმარტებულია, რომ პირს აქვს ინტერესთა კონფლიქტი, თუ ის არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომელი, წილის/აქციის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი, სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი, ასევე ამ პუნქტში აღნიშნული პირებთან ურთიერთდამოკიდებული პირი.

დოკუმენტის თანახმად, სპეციალური მმართველი შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი შემდეგი სპეციალობით: ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება, იურიდიული ან „სხვა შესაბამისი განათლება, რომელიც საჭიროა მისთვის დაკისრებული უფლებამოსილებების შესასრულებლად.“

სპეციალური მმართველის შრომის ანაზღაურების, ასევე მის მიერ დაკისრებული ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ანაზღაურდება ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის ბიუჯეტიდან.

კანონპროექტის თანახმად, სპეციალური მმართველი, კომისიის გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველსაყოფად და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ფარგლებში, უფლებამოსილია: დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის დირექტორ(ებ)ი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრ(ებ)ი (ასეთი არსებობის შემთხვევაში); სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით სადავო გახადოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მათი ბათილობა, თუ აღნიშნული ქმედების ან გარიგების შედეგად ზიანი მიადგა/ზიანი ადგება სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს; ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა; ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მმართველობითი ორგანოს სხვა ფუნქციები (გარდა ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის/აქციების განკარგვისა);

ცვლილებების პროექტის თანახმად, სპეციალური მმართველი ინიშნება კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფამდე, არაუმეტეს 2 წლისა.