ჩინეთი საპასუხო სანქციებით იმუქრება, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ჰონგ-კონგის პრივილეგირებული სტატუსის გაუქმების განკარგულებას ხელი მოაწერა

ჩინეთი საპასუხო სანქციებით იმუქრება, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰონგ-კონგის პრივილეგირებული სტატუსის გაუქმების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

როგორც ჩინეთის საგარეო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ჰუა ჩუნინგმა განაცხადა, არც ერთ გარე ძალას არ აქვს ჰონგ-კონგის საკითხში ჩარევის უფლება.

„აშშ-ის მხარის მცდელობა, რომ ხელი შეუშალოს ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების კანონის განხორციელებას, ვერასდროს იქნება წარმატებული. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესების დაცვის მიზნით, ჩინეთი მიიღებს საჭირო საპასუხო ზომებს და სანქციებს გამოსცემს შესაბამისი ამერიკელი პიროვნებებისა და ამერიკული ორგანიზაციების მისამართით. ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, რომ გამოასწოროს შეცდომები, არ გამოსცეს ე.წ. ჰონგ-კონგის ავტონომიის აქტი და შეწყვიტოს ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევა, მათ შორის ჰონგ-კონგის საქმეებში. თუკი აშშ განაგრძობს მიმდინარე კურსით მოქმედებებს, ჩინეთი აუცილებლად გასცემს პასუხს“, - აღნიშნა ჰუა ჩუნინგმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰონგ-კონგის პრივილეგირებული სტატუსის გაუქმების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ტრამპმა ჩინეთის დასასჯელად გააკეთა. ტრამპის თქმით, ჰონგ-კონგისადმი მიდგომა ახლა იქნება ისეთივე, როგორც ჩინეთისადმია, შესაბამისად არ იქნება არანაირი განსაკუთრებული პრივილეგიები, ეკონომიკური შეღავათები და ა.შ. გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს სანქციების დაწესების შესახებ.

განკარგულების თანახმად ბანკებს, რომლებიც თანამშრომლობენ ჩინეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც უსაფრთხოების ახალ კანონს ახორციელებენ, სანქციები დაუწესდებათ.