აშშ-ში ეკონომიკური აქტივობა იზრდება, თუმცა, ის  პანდემიამდელ  დონეზე ნაკლებია

მიმდინარე თვის დასაწყისში ეკონომიკური აქტივობა აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე ზრდაშია, თუმცა, მისი დონე მაინც ჩამორჩება პანდემიამდელ დონეს.

ამის შესახებ ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყება, რომელიც ამერიკაში ეროვნული ბანკის ფუნქციას ასრულებს აცხადებს, რომ ეკონომიკური აქტივობა პრაქტიკულად ყველა რეგიონში ფიქსირდება, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. მათივე ინფორმაციით, სამომხმარებლო ხარჯები გაიზარდა, ვინაიდან ბევრ მეწარმეს მიეცა საქმიანობის განახლების უფლება. ასევე განუხრელად იწყებს შემცირებას უმუშევრობა, რასაც ხელი შეუწყო ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობის განახლებამ.

ამასთან, ფინანსური მარეგულირებელი მიუთითებს ამერიკის ეკონომიკური განვითარების გაურკვევლობაზე.

„ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები ბუნდოვანია, ვინაიდან ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემია და რამდენად მასშტაბური იქნება მისი გავლენა ეკონომიკაზე“ - აღნიშნავს უწყება.

მანამდე ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ იბრუნებს პოზიციებს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაკარგა.

კოკა კვირკველია