კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს

სტიქიამ კახეთის რეგიონში ყველაზე მეტად სოფელი კონდოლი დააზარალა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას კახეთის მხარის რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, მუნიციპალიტეტები ზარალს ამ წუთებშიც ითვლიან.

„გვიან ღამე ძლიერმა სტიქიამ პრობლემები შექმნა. დაახლოებით პირველი საათისთვის ჩაიკეტა მოძრაობა ყვარელი-თელავის მიმართულებით. საათნახევარში ეს მოძრაობა მთლიანად აღდგა. გზა გაიწმინდა მოტეხილი ხეებისგან და აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, რომ სადმე მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ახლა მუნიციპალიტეტები ითვლიან, რა ზარალი აქვს სოფლებში მოსახლეობას და რა მდგომარეობაა სავარგულებში. პირველადი ინფორმაციით, ყველაზე მეტად დაზარალდა სოფელ კონდოლის მოსახლეობა. ზარალის შესახებ საუბარი გამიჭირდება, რადგან დათვლილი არ არის. დაახლოებით 160 სარაკეტო ჭურვი გაისროლეს, რათა სეტყვის ეს ფრონტი დაშლილიყო. რა თქმა უნდა, ზარალი გაცილებით დიდი იქნებოდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა რომ არ მუშაობდეს. 11:00 საათზე არის შტაბის სხდომა დაგეგმილი, სადაც ყველა შემოსულ ინფორმაციას გავაანალიზებთ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ კონდოლში 20-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. დასეტყვილია ვენახები, სიმინდის ყანები და ნარგავები.