გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და სამეგრელოს მხარის რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, სოფელ ნოჯიხევში, 40 ჰექტარზე გაშენებული კოლხური ხოხბის საშენი მეურნეობა გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„ახალი საშენი მეურნეობის ტერიტორიაზე, ველური ბუნების სააგენტოს მიერ მოხდება როგორც ფლორის, ასევე ფაუნის აღწარმოება. რამდენიმე ათას ადგილობრივ კოლხურ ხოხობს ყოველწლიურად დაცულ ტერიტორიებზე გავუშვებთ. ადგილობრივი სახეობები, ფაქტობრივად, გადაშენების პირასაა და წითელ ნუსხაშია. აღწარმოება, რომელიც ახალ საშენ მეურნეობაში მოხდება, ხელს შეუწყობს როგორც გენეტიკური ფონდის შენარჩუნებას, ისე რეგულაციებით ნადირობის ახალ პერსპექტივებს გააჩენს. სამინისტრო წლებია უკვე ამ მიმართულებით მუშაობს და, ვფიქრობ, შედეგს მალე მივიღებთ”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მათივე ინფორმაციით, ლევან დავითაშვილი, მხარის რწმუნებულთან ერთად, ადგილობრივ მონადირეებსაც შეხვდა და ნადირობის სეზონის გახსნის და რეგულაციების შესახებ ესაუბრა. ნადირობის სეზონი აგვისტოს მე-4 შაბათს გაიხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებზე და მონადირეთა უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიღო.
„დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ ველური ბუნების სააგენტოს საქმიანობა და ახალ სანაშენე მეურნეობაში განსახორციელებელი ღონისძიებები. ჩვენ ვივლით იმ გზით, რომლითაც იარეს ევროპულმა ქვეყნებმა, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ ნადირობა დაშვებულია, პოპულაციების ზრდა დიდია. უნდა მოხდეს ყველა იმ სახეობის გამრავლება, რომელიც კოლხეთის დაბლობზე ბინადრობდა და დღეს გადაშენების პირასაა. მნიშვნელოვანია პროცესის დაწყება, რითაც ჩვენ შევძლებთ იმ წონასწორობის აღდგენას, რაც, სამწუხაროდ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი, 90-იან წლებში იქნა დარღვეული”, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
ახალი საშენი მეურნეობის გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ველური ბუნების სააგენტოს ხელმძღვანელი რევაზ ბეჟაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, ხობის მერი გოჩა ქაჯაია და ფონდის „განვითარება და გარემო” თავმჯდომარე თემურ ტყემალაძე ესწრებოდნენ.