კობა გვენეტაძის შეფასებით, ივნისში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანი ფაქტია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის შეფასებით, ივნისში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანი და კარგი ფაქტია.

“დადებითი ტენდენციები ამ მაჩვენებლის დინამიკაში მნიშვნელოვანი და კარგი ფაქტია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იმდენად გაუარესებული არ გვექნება, როგორც ეს პანდემიის დასაწყისში ჩანდა. ეს კი, თავის მხრივ, ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებასა და პანდემიის დასაწყისში მოსალოდნელთან შედარებით უფრო მყარ ლარსაც ნიშნავს. რაც შეეხება კონკრეტულ რიცხვებს, მაშინ, როდესაც აპრილში ფულადი გზავნილები წლიურად 42.3%-ით შემცირდა, ხოლო მაისში კლების ტემპმა იკლო და 9.6% შეადგინა, ივნისში კლება უკვე ზრდით შეიცვალა და ფულადი გზავნილები, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 17.8%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხვების მატება”,- წერს კობა გვენეტაძე ფულად გზავნილებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169.2 მლნ აშშ დოლარი (514.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.8%-ით (25.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.