გუშინ იყო უაღრესად მნიშვნელოვანი დღე და, რა თქმა უნდა, ეს არ იყო მნიშვნელოვანი დღე მხოლოოდ გურიისთვის, ეს იყო მნიშვნელოვანი დღე საქართველოსთვის, როდესაც გაიხსნა ჩვენი რიგითი მოქალაქეებისთვის შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმეწლიანი ცილისწამების შემდეგ, სიმართლემ მაინც გაიმარჯვა და მოქალაქეებმა საკუთარი თვალით ნახეს რამხელა შრომა ჩაიდო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში უნიკალური პარკის შექმნაში.
„ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც განხორციელდა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შედეგად. მიუხედავად სამი წლის ცილისწამებისა და თეთრზე შავის ძახებისა, საბოლოოდ, მაინც სიმართლემ გაიმარჯვა და ჩვენი მოქალაქეები თვითონ თავისი თვალით ხედავენ თუ რამხელა შრომის შედეგია დღეს ამ პარკში. სიმბოლური გახლავთ ის, რომ წლების განმავლობაში ცილისწამების მიუხედავად, ეს დიდი საქმე, ბუნების დიდი სიყვარული და ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნისთვის უნიკალური პარკი, რომელიც არ არის მხოლოდ საქართველოში უნიკალური, ეს არის მსოფლიოში უნიკალური პარკი, ხელმისაწვდომი იქნება ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, ბავშვებისთვის და ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის და, რა თქმა უნდა, ყველამ ერთად უნდა დავინახოთ, რომ, საბოლოო ჯამში, ყველაფრის მიუხედავად, სიმართლე მაინც იმარჯვებს,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
გუშინ შეკვეთილში, დენდროლოგიური პარკი ოფიციალურად გაიხსნა.