რევაზ კოპალაძე: ჩვენ არ ვეთანხმებით პოზიციას და კომპრომისზე შეთანხმებაში მონაწილეობა არ მიგვიღია

პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების სკანდალურ პროექტს, როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა (81 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი).

მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობოების პროტესტის მიუხედავად, კანონპროექტს, რომელსაც საკმაოდ ბევრი ბერკეტი აქვს კერძო საკუთრების მართვის განსახორციელებლად, განსაკუთრებულად დაჩქარებული წესით განიხილავდნენ. საკომიტეტო მოსმენები შუაღამემდე გრძელდებოდა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა განაცხადა, რომ ბიზნესთან მოლაპარაკებები შედგა და მათ პრობლემა არ ჰქონდათ კანონის იმ კომპრომისულ ვერსიასთან, რომელიც მართალია წილების გასხვისებას კრძალავს, მაგრამ სამაგიეროდ დროებით მმართველს კომპანიაში ყოფნის განუსაზღვრელ ვადას ანიჭებს.

„კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი, რევაზ კოპალაძე აცხადებს, რომ მისი კომპანია არანაირ კომპრომისულ ვარიანტზე არ წასულა. მან საკომიტეტო სხდომაზე სიტყვა მოითხოვა და კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას მიმართა.

რევაზ კოპალაძე: პირველ რიგში, დავაფიქსირებ, რომ კავკასუსი არ არის ამ კომპრომისის ნაწილი, ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა არანაირ მოლაპარაკებებში და ორი სიტყვით გიპასუხებთ თქვენს შეკითხვაზე კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით.

ჩვენ არ ვყოფილვართ შეხვედრაზე და პარასკევს, თქვენთან ერთად რომ ვიყავით, გითხარით, რომ არ ვიზიარებთ თქვენს პოზიციას. არც დღეს მიგვიღია მონაწილეობა მოლაპარაკებებში და კონსესუსის ნაწილი არ ვართ.

მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ ორი წლის თავზე დროებითი მმართველის შემოყვანის შემდეგ, დროებით მმართველს არ შეუძლია გაყიდოს აქციები და კომპანიის აქტივები, უკიდეგანოდ გაიზარდა თვითონ სპეციალური მმართველის ყოფნის დრო კომპანიაში. პრაქტიკულად, ჩემი ხედვით, გამოდის, რომ სპეციალური მმართველის შემოსვლის პირველივე დღეს, მოდის არა მმართველი, არამედ კომპანიის მესაკუთრე.

ის უფლებამოსილება, რომელიც ამ ადამიანს ექნება, შეიძლება არ ჰქონდეს არც ცალკე აღებულ გენერალურ დირექტორს და არც დირექტორთა საბჭოს და ასე შემდეგ. ანუ, ეს ადამიანი განკარგავს მთლიანად მთელს ქონებას, მის ოპერაციებს, მოგების განაწილებას და ასე შემდეგ.

მე პირადად, ამ ადამიანს აღვიქვამ როგორც მესაკუთრეს, მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის თავზე ის არაფრის გაყიდვას აპირებს“, – განაცხადა რევაზ კოპალაძემ.