Stellantis - ასე ერქმევა ახალ ავტოგიგანტს, რომელიც PSA და FCA შერწყმის შედეგად შეიქმნება

ავტოკონცერნი, რომელიც ფრანგული საავტომობილო ჯგუფის PSA-სა და იტალიურ-ამერიკული საავტომობილო კონცერნის Fiat Chrysler Automobiles (FCA) -ის შერწყმის შედეგად წარმოიქმნება, ახალ სახელს მიიღებს. მას Stellantis-ი ეწოდება.

აღნიშნულის შესახებ თავად იტალიურ-ფრანგულ კომპანიაში განაცხადეს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, შერწყმის ოპერაცია, რომლის შედეგად, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საავტომობილო კონცერნი შეიქმნება, 2021 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.

„Stellantis ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „ვარსკვლავებით განათებულს“. ეს კი ახალი კომპანიის სულსა და ამბიციებს განასახიერებს“ - აცხადებენ კომპანიაში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ბრენდები საკუთარ სახელწოდებებს შეინარჩუნებენ.

როგორც ცნობილია PSA და FCA შერწყმის შესახებ პირველი შეთანხმება 2019 წლის 18 დეკემბერს გაფორმდა. ამ დრომდე ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ სამსახურს გაერთიანების ნება არ გაუცია და მის მიღებას ნოემბერში ელოდებიან.

ამერიკის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების ანტიმონოპოლიურმა სამსახურებმა კი უკვე გასცეს ნებართვა.