კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის, კახა ბექაურის განცხადებით, არასწორი ინტერპრეტაციაა, რომ კომისიას სასამართლოს გარეშე შეუძლია დროებითი მმართველის დანიშვნა.
როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, სამივე შემთხვევაში, რომელიც კანონპროექტის ბოლო ვერსიაში დარჩა, დროებითი მმართველის დანიშვნა სასამართლოს კონტროლს ითვალისწინებს.
"არის ორი განსხვავებული მექანიზმი. კერძოდ, თავისუფალ დაშვებასა და სატარიფო რეგულირების შეუსრულებლობაზე კომისია მიმართავს სასამართლოს და სასამართლო ნიშნავს დროებით მმართველს, ხოლო კონცენტრაციის საკითხზე, როცა წილის გასხვისება ან აქტივების გასხვისება ან შერწყმა ხდება, კომისია ნიშნავს, მაგრამ კომისიის დანიშნული დროებითი მმართველის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება სასამართლოში და სასამართლო ვალდებულია სამი დღის განმავლობაში ან შეაჩეროს კომისიის გადაწყვეტილება დროებითი მმართველის დანიშვნაზე ან ძალაში დატოვოს. სამივე ეს შემთხვევა გადის სასამართლო კონტროლს, უბრალოდ, განახვავებული მექანიზმებია, რადგან ეს სამი საკითხი შინაარსობრივად განსხვავებულია. ბოლო ორი, რაც თავისუფალ დაშვებას და სატარიფო რეგულაციის დარღვევას ეხება, არის მოქმედი კომპანიების ბიზნესსაქმიანობის დროს შესაძლო დარღვევები, ხოლო პირველი საკითხი, როცა წილის გასხვისება ან აქტივების გასხვისება ან შერწყმა ხდება, ეს ბიზნესსაქმიანობა არ არის, ეს არის ბიზნესაქმიანობის დასაწყისი, როცა ახალი ინვესტორი შედის, ამიტომაც არის განსხვავებული მექანიზმები, თუმცა ორივე მექანიზმს გააჩნია სასამართლოს კონტროლი,“ - განაცხადა ბექაურმა.
კანონპროექტი, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევს, პარლამენტმა პირველი მოსმენით გუშინ დაამტკიცა.