დიდუბის რაიონის გამგეობა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, ახალი მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას აქტიურად განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აკაკი წერეთლის გამზირის N82-ში 850 კვ.მ ფართობზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია გარე განათების სისტემის მოწყობა, საპარკე სკამებისა და ურნების განთავსება. ასევე, ადგილზე განთავსდება საბავშვო სივრცე. საშემოდგომო რგვების დროს, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდება.
"მოსასვენებელი სივრცის მოწყობას, გამგეობის დაკვეთით, კომპანია „გია კონსტრაქშენ“ 136 775 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატთან ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.