„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებიდან ზუსტად 5 წლის თავზე, საქართველოს კიდევ 59 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იუწყებიან.
„ქვეყნის მთიანი რეგიონების თანაბარი განვითარების და მისი მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2015 წელს შეიმუშავა კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“. ამავე წელს შეიქმნა მთის განვითარების ფონდი.
მთის კანონით, მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობისთვის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით, დაწესდა როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები.
2020 წლის 9 ივნისს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა მთის კანონში მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებები და ამ ცვლილებების საფუძველზე, დღეს უკვე დამატებით 58 სოფელს, მათ შორის, გამყოფ ხაზთან მდებარე 19 სოფელს, ოფიციალურად მიენიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.
მთის სტატუსით ისარგებლებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ზღვის დონიდან 2100-2700 მეტრზე მდებარე დაბა გომისმთაც, რომელსაც დაბის სტატუსი მხოლოდ მიმდინარე წლის მაისში მიენიჭა. დაბის სტატუსის არქონა არ იძლეოდა გომისმთისთვის არც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის და არც უკვე შემუშავებული გენგეგმის დამტკიცების შესაძლებლობას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამინისტროს ცნობით, მოცემულ ეტაპზე, საქართველოში მთის სტატუსის მქონე დასახლებათა რაოდენობამ 1,796-ს მიაღწია.
„მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით მოსარგებლე 246,447 მოქალაქეს კი, საქართველოს მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, დაახლოებით 26 000 მოქალაქე დაემატება.
მთის კანონის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში, კანონით დადგენილი სოციალური შეღავათებით სარგებლობს 237 158 ბენეფიციარი, რისთვისაც გაცემულია 224 მილიონ 623 ათას 430 ლარი, ხოლო საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს 424 საწარმო.
ამასთან, 2016 წლიდან მთის განვითარების ფონდისათვის გამოყოფილია 106 მილიონი ლარი, საიდანაც დაახლოებით 50 მილიონი ლარი მოხმარდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, 2 მილიონ 900 ათას ლარზე მეტი - ელექტროენერგიის გარეშე არსებულ დასახლებებში 207 ოჯახისათვის მზის პანელების შეძენა-დამონტაჟებას, 2,5 მილიონი ლარით კი დაფინანსდა მთიან დასახლებებში სკოლა-პანსიონების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.