„ფრენების სიხშირე უნდა იყოს იმდენი, რა ოდენობის მოქალაქეების მომსახურებასაც ქვეყანა უსაფრთხოდ შეძლებს"

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ფრენების სიხშირე უნდა იყოს იმდენი, რა ოდენობის მოქალაქეების მომსახურებასაც ქვეყანა უსაფრთხოდ შეძლებს.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკება „ლუვთანზასთანაც“. ყველამ იცის, რომ ორი აგვისტოდან რეგულარული ფრენები დაიწყება, თუმცა უკვე ამთავითვე თავისუფალია ეს მწვანე კორიდორი და შეუძლიათ მანამდეც დაიწყონ ფრენები. ჩვენ სადაცააა დავასრულებთ მოლაპარაკებას Air France-თან და Air Baltic-თან. ესეც თავის დროზე გახდება ცნობილი. სიხშირე უნდა იყოს იმდენი, რამდენსაც ჩვენ შევძლებთ რომ უსაფრთხოდ მოვემსახუროთ და ძალიან გაგებით ეკიდებიან ეს კომპანიები. ასევე ვასრულებთ ე.წ. სოციალურ ჩარტერებს, ასევე ვაგრძელებთ კომერციული ჩარტერების შესრულებას, როგორც აქამდე იყო. ეს არის საკმაოდ იმედისმომცემი. ბევრი ტუროპერატორი გადაეწყო ამ ახალ რეალობაზე, ბევრი სასტუმრო გადაეწყო, გაცილებით მეტად უჭირს თბილისის სასტუმროებს, თორემ რეგიონის სასტუმროებში ასე თუ ის შიდა ტურიზმია, რა თქმა უნდა, არა იმ დოზნით, კოვიდის გარეშე რომ იქნებოდა, მაგრამ 40-50%-ით მაინც არიან დატვირთულები. ჩვენი ამოცანაა შეძლებისდაგვარად დავაბალანსოთ ორი რამ. გავხსნათ ტურიზმი და ამავდროულად, შევინარჩუნოთ კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური ვითარება,“ - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, ევროპულმა ქვეყნებმაც, ვინც ერთმანეთთან გახსნა საზღვრები, გარკვეული პერიოდის შემდეგ გარკვეული უკუნაბიჯები გადადგეს.

„ამ გახსნას მოჰყვა სწრაფი ეფექტი და ასეთივე სწრაფი ნეგატიური შედეგიც და პრობლემებიც. ამიტომ ვაკვირდებით, რომ არ გავიმეოროთ სხვისი შეცდომები და თან ვისწავლოთ სხვის შეცდომებზე,“ - განაცხადა თურნავამ.