ქართული ატმის 60%-ზე მეტი რუსეთში იყიდება - ტოპ-3 ქვეყანა, სადაც პროდუქტი გავიდა

საქართველოში ამ დროისთვის აღებული ატმის მოსავლის 61,4% რუსეთში გავიდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 14 ივლისის მდგომარეობით, ატმის ექსპორტმა 6 179 ტონა შეადგინა, რაც 640 ტონით მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. აქედან 3 796 ტონა რუსეთზე მოდის.

საექსპორტო ქვეყნების სამეული ასე გამოიყურება:

რუსეთი - 3 796 ტონა (61,4% )

სომხეთი -1 857 ტონა (30,1%)

აზერბაჯანი - 414 ტონა (6,7%)

გარდა ამისა, ქართული ატამი ექსპორტზე გადის ყაზახეთში, სლოვენიაში, მოლდოვასა და სინგაპურში.

პროდუქტის კრეფის სეზონი კახეთში 20 ივნისს დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ წელს კახეთის რეგიონში 35 000 ტონა ატმის მოსავალს ელოდებიან. თუმცა, გასულ წლებში მოსავლიანობის შემცირების ტენდენცია იყო. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ატმის მოსავალმა 2017 წელს 32,3 ათასი ტონა შეადგინა, 2018 წელს - 27, 5 ათასი ტონა, 2019 წელს კი 22,3 ათასი ტონა.

ნინი ქეთელაური