საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან გოგიბერიძე აცხადებს, რომ მედიკამენტების რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივება ფასების ზრდას გამოიწვევს და ამასთან, შესაძლოა რიგ მედიკამენტებზე დეფიციტიც შეიქმნას.
როგორც ლევან გოგიბერიძემ "ინტერპრესნიუსს" საკითხის კომენტირებისას განუცხადა, მართალია თავდაპირველად ინიცირებული კანონპროექტი გადაიხედა და 3-ჯერ აღარ გახანგრძლივდება რეგისტრაციის ვადა, თუმცა აღნიშნული ცვლილება წამლის ფასზე გარკვეულ ასახვას მაინც ჰპოვებს.
"გარკვეული კონსენსუსი მიღწეულია. მართალია, წამლის რეგისტრაციის ვადები გაიზარდა, მაგრამ არა ისე, როგორც თავიდან იყო განსაზღვრული.
რა თქმა უნდა, რეგისტრაციის პროცესის გახანგრძლივება, ბუნებრივია აისახება მედიკამენტების ფასებზე. რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ წამალი ბიზნესი არაა, ამას ვერ გავექცევით. სავარაუდოდ, ფასის მატება საშუალოდ 7-10% იქნება. ჩვენი გათვლებით, გარკვეული მედიკამენტების მიმართულებით შესაძლოა დეფიციტიც შექმნას,"-აცხადებს საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი.
ცნობისათვის, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის მიხედვით, აღიარებითი რეჟიმით მედიკამენტის რეგისტრაციისთვის ვადა 7- დან 15 დღემდე იზრდება, თავდაპირველად კი ვადის 30 დღემდე გაზრდა განიხილებოდა.