„ძალიან დიდ შეტევაზე გადავდივართ“ - ბაზარზე „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მიერ წარმოებული წყალი გამოჩნდება

თვის ბოლოს ქსელებში „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მიერ წარმოებული წყალი გამოჩნდება.

ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პროდუქტის სახელწოდება იქნება „მთის წყალი“, რომელიც როგორც მინის, ისე პოლიეთილენის შეფუთვით გაიყიდება.

ბიზნესმენის თქმით, წყალი უნიკალურია, რადგან ყველაზე დაცული საბადოებიდან მოიპოვება.

ამასთან, როგორც თემურ ჭყონია განმარტავს, პროდუქტი ყველა იმ ბაზარს აითვისებს, სადაც „კოკა-კოლა“ მოღვაწეობს.

„სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან დავიწყებთ წარმოებას და 27 ივლისიდან უკვე ქსელში შევიტანთ. ეს არის წარმოუდგენლად მაღალი ნდობის მთის წყალი, არაჩვეულებრივი შემადგენლობით. დაცულია ყველა ის სტანდარტი, რაც საჭიროა. ეს იქნება პოლიეთილენის 1,5 ლიტრიან და 500 გრამიან შეუთვაში, მინის ბოთლი კი - 0.75 და 0.33 ლიტრიანი. გაიყიდება აბსოლუტურად ყველა ქსელში და იქ, სადაც „კოკა-კოლა“ მოღვაწეობს, პოსტ-საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში და მერე ვნახოთ, სხვაგან რა იქნება. ერთი სიტყვით, ძალიან დიდ შეტევაზე გადავდივართ.

„მთის წყალი“ გამორჩეულია იმით, რომ ის საბადოები, რომელსაც წყლის მოსაპოვებლად ვიყენებთ, არის ძალიან დაცული, უნიკალური, ერთი და იგივე ტემპერატურით. მოკლედ, რომ გითხრათ, ის სიმდიდრე, რაც საქართველოს წყლის მიმართულებით გააჩნია, ზუსტად ამ პროდუქტშია გაერთიანებული“,-ამბობს თემურ ჭყონია.

ნინი ქეთელაური