„ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც უფრო გაამარტივებს კონკურენციას ბაზარზე“ ამის შესახებ მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელმა უჩა სეთურმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. ამით ის მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებულ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა.
„ესეთი ინსტრუმენტი ჩნდება სწორედ იმისთვის, რომ უფრო გაიოლდეს კონკურენციის რეგულირება ბაზარზე, თუმცა, მე მაინც მგონია, რომ ეს არის ბოლო ზომა, როდესაც ოპერატორი თავს არიდებს და არაფრად აგდებს მარეგულირებელი კომისიის კანონიერ მოთხოვნას, ამ შემთხვევაში ეს ინსტრუმენტი ალბათ აუცილებელი და საჭიროა.
თუ რომელიმე კომპანიის მხრიდან ბაზარზე იქნება თავნებობა, მაშინ რა ქნას მოსახლეობამ? რა გააკეთოს მცირე და საშუალო ბიზნესმა? თქვენ გახსოვთ თუ როგორ ზრდიდნენ ტარიფებს შეფარულად. აი, ამ შემთხვევაში, როცა კომპანია თავს არიდებს კანონს და ცდილობს თავისი საბაზრო პოზიცია გაიმყაროს, რათა უფრო მეტი შემოსავალი მიიღოს, ამ შემთხვევაში მიკრო და საშუალო ბიზნესს არაფერი არ გვრჩება,“-განაცხადა სეთურმა.
ცნობისთვის, მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანმა ცვლილებებმა მხარეების დაპირისპირება გამოიწვია. პროექტის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს და ამ ნაბიჯით საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულება უზრუნველყოს. კანონპროექტის პირველი ვერსიით, სპეციალურ მმართველს საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები ენიჭება, მათ შორის, შესაძლებელი ხდება კომპანიის წილებისა და აქციების გასხვისება აუქციონის წესით.
სატელეკომუნიკაციო კომპანიები აღნიშნულის მიღების კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ. ბიზნესი თვლის, რომ პროექტი კომუნიკაციების კომისიას როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ ბერკეტებს გაუჩენს იმისათვის, რომ მათ საქმიანობაში ჩაერიოს. თუმცა, როგორც, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა განაცხადა, ბიზნესთან კონსენსუსი შედგა.
მისი თქმით, თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით დავიწროვდა გადაწყვეტილებების არეალი, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც ჩაირთვება ეფექტიანი აღსრულების მექანიზმი. ამასთან, 5 სპეციფიკური ვალდებულებიდან, რომელიც დაკისრებული აქვს ოპერატორს, დარჩა მხოლოდ ორი ვალდებულება. ბექაურის განმარტებით, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის თუ არსებული საკანონმდებლო მექანიზმები არ იქნება ეფექტიანი, ამ შემთხვევაში 4 ჯარიმის, 4 სანქციის შემდეგ ჩაირთვება დროებითი მმართველის მექანიზმი. იმისთვის კი, რომ კომპანიამ აღმოფხვრას დარღვევა და შეასრულოს კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება, მას ეძლევა გონივრული ვადა, რომელიც დღეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე