კახეთის მხარის რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სტიქიის შედეგად, დაახლოებით 112 სახლი დაზიანდა, ზარალი განიცადა, დაახლოებით, 4000 ჰექტარი მიწის ფართობზე არსებულმა ვენახმა და სასოფლო - სამეურნეო სავარგულებმა.
მხარის რწმუნებულის ინფორმაციით, ვისაც სამეურნეო მიწები დაზღვეული ჰქონდა, ანაზღაურებას მიიღებს, ვისაც დაზღვეული არ ჰქონდა თავად მოუწევს პრობლემასთან გამკლავება.
„გუშინ გვიან ღამით კახეთში, განსაკუთრებით თელავის, ყვარელის, ნაწილობრივ გურჯაანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში ძლიერი სტიქიური მოვლენები განვითარდა. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ იმუშავა. დაახლოებით, 130 სარაკეტო გასროლა მოხდა სეტყვის ღრუბლის დაშლის მიზნით, მაგრამ იმის გამო, რომ ამას თან ერთვოდა ძლიერი ქარიშხალი, ეფექტი არ იყო 100%-იანი, რამაც გამოიწვია, დაახლოებით, 4000 ჰექტარი სავენახე და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაზიანება. ამ ეტაპისთვის, დაახლოებით, 3030 ჰექტარი ეს არის თელავის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელი და 600 ჰექტარი დაახლოებით, ყვარელის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლები, სადაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები იქნა დაზიანებული. ძლიერმა ქარიშხალმა თელავის მუნიციპალიტეტში ძირითადად გამოიწვია საცხოვრებელი სახლებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება. ძალიან ბევრი მიმართულებით შეფერხდა ელექტროენერგიის მიწოდება, რაც გამოწვეული იყო ქარიშხლის მიერ სადენების გაწყვეტით. დღეს დილის მდგომარეობით ყველა სოფელში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. რაც შეეხება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც დაზარალდა, მე ვგულისხმობ საცხოვრებელ სახლებს, დაახლოებით, 112 ასეთი სახლი იყო იდენტიფიცირებული, აზომილია და რა საჭიროება აქვს ეს დადგენილია. ამ დროის მონაცემებით, დაახლოებით, 50 სახლია დარჩენილი, რომელთა აზომვითი სამუშაოები და აღრიცხვა გაკეთდება და ყველა ამ სახლს, ყველა ამ საცხოვრებელ ფართზე მოხდება დახმარება, გადახურვა იქნება აღდგენილი, იმის მიხედვით, სად როგორი საჭიროება იქნება. ჩვენ როდესაც ეს ინფორმაცია საბოლოოდ გვეცოდინება, მივმართავთ ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ შესაბამისი დამატებითი დაფინანსება გამოეყოს მუნიციპალიტეტს. რაც შეეხება სასოფლო სამეურნეო სავარგულებს, აქ სახელმწიფო ახორციელებს ძალიან ეფექტურ სადაზღვეო პოლიტიკას და ის მევენახეები, ვისაც ჰქონდა თავისი ფართები დაზღვეული, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მათზე იქნება ანაზღაურება გაცემული. ვისაც არ ჰქონდა დაზღვეული ვენახები, მათ თავიანთი რისკის გაწევა მოუწევთ,“- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.