ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებას ზოგიერთ მედიკამენტზე ფასის შესაძლო მომატების თაობაზე, არ იზიარებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ იზიარებს ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, ზოგიერთ მედიკამენტზე ფასმა მოიმატოს. როგორც მან "ინტერპრესნიუსის" მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რეგისტრაციის პროცედურის გახანგრძლივება არ არის ის მექანიზმი, რამაც შესაძლოა, მედიკამენტის ფასზე გავლენა იქონიოს.

"მედიკამენტების ფასი და ხარისხი არის ის თემა, რაზეც როგორც ფარმაცევტთა ასოციაცია, ასევე პოლიტიკის განმსაზღვრელები მუდმივად აქცენტს აკეთებენ. ბოლო პერიოდში აქცენტები და ყურადღების გაძლიერება გამოიწვია საკონონმდებლო ცვლილებების პაკეტმა, რომელიც წარდგენილია საპარლამენტო განხილვისთვის, მესამე მოსმენამდეა მისული ამ ცვლილებების პაკეტი, რაც ძირითადად პროცედურულ ცვლილებებს ითვალისწინებს და აქ უბრალოდ იყო გამოთქმული წუხილი იმაზე, რომ რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივებამ შესაძლოა, მედიკამენტების გაძვირება გამოიწვიოს, რასაც ვერაფრით ვერ გავიზიარებთ, რადგან 7 დღიდან 15 დღემდე რეგისტრაციის პროცედურის გახანგრძლივება არ არის ის მექანიზმი, რამაც შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს წამლის ფასებზე ბაზარზე ან კონკურენციაზე. ეს არის წმინდა ადმინისტრაციული მექანიზმი, რომელიც გააუმჯობესებს ხარისხიანი საქმის წარმოების პროცესებს მარეგულირებლის დონეზე. რაც შეეხება რეალურად წამლის ფასების ტენდენციებს, ამ შემთხვევაში უფრო ძირეული ცვლილებებია საჭირო და ძირეული ცვლილებებისთვის საპარლამენტო კომიტეტი ვფიქრობ, მოკლე ხანში გახსნის საჯარო კონსულტაციებს იმ პროექტზე, რომელსაც დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებთან ერთად ამუშავებს",-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან გოგიბერიძე აცხადებს, რომ მედიკამენტების რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივება ფასების ზრდას გამოიწვევს და ამასთან, შესაძლოა რიგ მედიკამენტებზე დეფიციტიც შეიქმნას.