„შოკებთან გასამკლავებლად გაცვლითი კურსის მოქნილობა კვლავ აქტუალური იქნება"

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, დღეს, როდესაც ეკონომიკა პანდემიის ფინანსურ და ეკონომიკურ შედეგებს უმკლავდება, სავსებით ცხადად გამოჩნდა ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის აქცენტების და მიდგომების სრული სისწორე.

კობა გვენეტაძემ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა.

“ხაზგასასმელია, რომ გასული წლების განმავლობაში საერთაშორისო რეზერვების დაგროვების მიმართულებით გაწეული ძალისხმევის სარგებელი არსებულ სიტუაციაში განსაკუთრებით კარგად ჩანს. ამ არაორდინარული ვითარების ფონზე, სწორედ აღნიშნული რეზერვებს ვიყენებთ სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებისთვის. შოკებთან გასამკლავებლად გაცვლითი კურსის მოქნილობა კვლავ აქტუალური იქნება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გამოსვლის ფარგლებში, კობა გვენეტაძე ახალი პანდემიის პირობებში შექმნილი გამოწვევების ეკონომიკურ ზეგავლენაზე ისაუბრებს და დეპუტატებს გააცნობს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ შესაბამის ნაბიჯებსა და განხორციელებულ ღონისძიებებს.

„დღეს, როდესაც ეკონომიკა პანდემიის ფინანსურ და ეკონომიკურ შედეგებს უმკლავდება, სავსებით ცხადად გამოჩნდა ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის აქცენტების და მიდგომების სრული სისწორე. ასეთი თანმიმდევრული მიდგომების გარეშე ჩვენი საფინანსო სისტემა დღევანდელ უპრეცედენტო გამოწვევას ვერ გაუძლებდა. თუ 2008 წელს პრობლემები ფინანსური სექტორიდან წამოვიდა, დღეს, პირიქით, სწორედ იმის გამო, რომ წლების განმავლობაში საბანკო სისტემა მომგებიანი იყო და ბუფერებს აგროვებდა, ეს ახლა კრიზისთან გამკლავებაში გვეხმარება, ვინაიდან ჯანსაღი ფინანსური სექტორი არის ის ლოკომოტივი, რომელიც პანდემიით დაზარალებულ ეკონომიკას სწრაფ აღდგენასა და გაჯანსაღებაში ეხმარება,“ - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მისი მანდატის ფარგლებში, ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორზე COVID-19-ის ზეგავლენის შერბილების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა. საგანგებო ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით გადაიდგა: ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებისთვის ლიკვიდური ფულადი რესურსების შეუფერხებელი მიწოდება, დროებითი საზედამხედველო გეგმის შემუშავება და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის გაფართოება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოხსენების დასრულების შემდეგ, კობა გვენეტაძე დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.