კობა გვენეტაძე - მიღწევადია, რომ საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს 4%-ზე მეტად არ შემცირდეს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, მიღწევადია, რომ საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს 4%-ზე მეტად არ შემცირდეს.

კობა გვენეტაძემ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ეკონომიკური ვარდნის - 4%-იანი პროგნოზის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აღნიშნული პროგნოზი რეალისტურია.

„ვფიქრობ, ეს პროგნოზი რეალისტურია, რადგან ქვეყანა საკმაოდ კარგად გაუმკლავდა პანდემიის მიერ გამოწვეულ მოწყვლადობებს. ეკონომიკა გაიხსნა. სხვა თანაბარ პირობებში, ვფიქრობ, ეკონომიკური აქტივობა დაეხმარება, რომ შემცირება არ იყოს 4%-ზე მეტი და ძალიან დაშორებული არ იყოს მისგან. ვფიქრობ, ეს მიღწევადია“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის კორექტირებულ სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია, რომ ქვეყნის ეკონომიკა წლიურ ჭრილში 4%-ით შემცირდება.