ირაკლი კოვზანაძე - ეკონომიკური გამოწვევების ფონზე ქვეყნის ცენტრალური ბანკის როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება

გასული წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი წარმატებით იყენებდა ისეთ ინსტრუმენტებს, როგორებიცაა რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, სადეპოზიტო სერტიფიკატები, ღია ბაზრის ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდები, ერთდღიანი სესხები და დეპოზიტები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები, -ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიში მოისმინეს.

ირაკლი კოვზანაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წლიური ანგარიშის შეფასებისას ყურადღება გაამახვილა საბანკო სფეროში არსებულ ვითარებაზე, დეტალურად ისაუბრა გამოწვევებზე და იმ სიახლეებზე, რომელიც 2019 წელს ქვეყნის მთავარმა ფინანსურმა ინსტიტუტმა საბანკო სექტორს შესთავაზა.

„მივესალმები ეროვნული ბანკის ყოველ ახალ წამოწყებას, რომელიც ემსახურება საბანკო სფეროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას. ერთ-ერთ ასეთად უნდა მივიჩნიოთ გასულ წელს ახალი ინსტრუმენტის - სავალუტო ოფციონების ამოქმედება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ

რაც შეეხება ეროვნული ბანკის სამომავლო საქმიანობას, როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, არსებული და მოსალოდნელი გამოწვევების ფონზე მარტივი არ იქნება 2020-2021 წელი.

„ამაზე პარლამენტს საუბარი მოუწევს ,,ეროვნული ბანკის 2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ პროექტის განხილვის და დამტკიცების პროცესში, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ჩვენი საზოგადოება და ეკონომიკა, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, დგას კორონავირუსით გამოწვეული უპრეცენდენტო გამოწვევების წინაშე. ჩვენს შემთხვევაში, როცა სახეზე გვაქვს მიმდინარე ანგარიშის ქრონიკული დეფიციტი, მაღალი დოლარიზაცია, საკურსო რყევები, დანაზოგების სიმწირე ქვეყნის ცენტრალური ბანკის როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება და გამადიდებელი შუშის ქვეშ ხვდება“,-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.