მაღალი ინფლაცია და ზედმეტად გაუფასურებული ლარი არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ეროვნული ბანკი უნდა იყოს პრევენციული მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებაში, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიში მოისმინეს.
ირაკლი კოვზანაძის თქმით, კურსის ცვალებადობა, რომელიც მოწოდებული უნდა იყოს გარე შოკების შთანთქმისათვის, სასურველ მიზანს ყოველთვის ვერ აღწევდა.
„შედეგად გვაქვს ის, რომ ლარი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკა ამას განაპირობებს. ეს გაუფასურება გადაეცემა ფასების ზრდას, თუმცა ამ საკითხზე ეროვნულ ბანკს აქვს თავისი ახსნები, სხვადასხვა ტიპის შოკები, მათ შორის ტურისტული და სხვა”, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობაა.
მისივე თქმით, ინფლაციასთან ბრძოლა 2019 წელს პრობლემატური იყო.
აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.