გია ვოლსკი - „ქართულ ოცნებას“ არ აქვს ინტერესი, ჩუმი და დაფარული ხარჯები გაიღოს, რომ ესა თუ ის პოლიტიკური რეკლამა გავიდეს საზოგადოებაში

არავითარი ინტერესი „ქართულ ოცნებას“ არ აქვს, რომ რაიმე ჩუმი და დაფარული ხარჯები გაიღოს იმისათვის, რომ ესა თუ ის პოლიტიკური რეკლამა გავიდეს საზოგადოებაში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ფეისბუქის“ გადაწყვეტილებას, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამების განთავსების თაობაზე.

ვოლსკის განცხადებით, ვერავინ შეძლებს, რომ სოციალურ ქსელში ისეთი რეკლამა განათავსოს, რომლის დაფინანსების წყარო გამჭვირვალე არ იქნება.

„ფინანსური ხარჯები, რომელსაც გასწევს ესა თუ ის სუბიექტი ან ორგანიზაცია საარჩევნო პერიოდში, გამჭვირვალე იქნება. „ფეისბუქზე“ რომელიმე პოსტის „ბუსტინგი“ აღარ იქნება შესაძლებელი იმის გარეშე, რომ წინასწარ არ იყოს გაცხადებული და გამოვლენილი ის ადამიანი, ან ორგანიზაცია, ვინც აფინანსებს ამა თუ იმ პოლიტიკურ რეკლამას. რასაკვირველია, მნიშნელოვანი თემაა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ვერავინ შეძლებს დაფარული ხარჯი გაიღოს იმისათვის, რომ თავის პოლიტიკურ მიზანს მიაღწიოს. არც ერთს და არც მეორე მხარეს არ უნდა უღირდეს რაიმე დარღვევაზე წასვლა. არავითარი ინტერესი „ქართულ ოცნებას“ არ აქვს, რომ რაიმე ჩუმი და დაფარული ხარჯები გაიღოს იმისათვის, რომ ესა თუ ის პოლიტიკური რეკლამა გავიდეს საზოგადოებაში. ვფიქრობ, აქ მეტი საფრთხე მოგველის იმ ადამიანებისგან, ვინც ჩუმ-ჩუმად მონაწილეობს თავისი პირადი სარეკლამო რგოლების გავრცელებასა და დაფინანსებაში,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ფეისბუქის“ გადაწყვეტილებით, 2020 წლის აგვისტოდან საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამების ავტორიზაცია სავალდებულო გახდება. მანამდე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლებმა „ფეისბუქს“ მიმართეს, წინასაარჩევნოდ ხელმისაწვდომი გახადოს პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა. „ეს გამჭვირვალობის წარმოუდგენლად მაღალ დონეს შექმნის და მომხმარებლებს ეცოდინებათ, ვინ ცდილობს მათ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენას და რატომ,“ - აღნიშნულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში „ფეისბუქის“ საჯარო პოლიტიკის დირექტორის საპასუხო წერილში.