„გელათის მონასტრის” ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე გამოვლენილმა ხარვეზებმა ნათლად აჩვენა, რომ ტაძრის გადახურვების სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაწილობრივ დეფექტებით შესრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრობლემების კომპლექსურობიდან გამომდინარე, ნებისმიერი არაპროფესიონალური და სუბიექტური დასკვნა, რომელიც არ ეფუძნება გელათის კონკრეტული პრობლემატიკის კვალიფიციურ შესწავლას, იწვევს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და არასწორი ინტერპრეტაციებისათვის საბაბს ქმნის.
„სწორედ არასწორი ფაქტების და მოსაზრებების ტირაჟირების შეწყვეტისა და თემის პოლიტიკური კონიუნქტურისაგან გათავისუფლების მიზნით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მოვლენების ირგვლივ არსებულ კითხვებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება.
გელათის სამონასტრო კომპლექსის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის პროგრამას სახელმწიფო 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და კომიტეტის მრჩეველ ორგანოებთან შეთანხმებული პროგრამის მიხედვით ეტაპობრივად ახორციელებს. ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გადახურვის რეაბილიტაცია სხვადასხვა ეტაპზე აფინანსებდა აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი (2013-2018წწ) და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (2018-2019წწ).
ა(ა)იპ „საქართველოს მემკვიდრეობის“ შემუშავებული პროექტის მიხედვით, ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე 2013 - 2019 წლებში გელათის კომპლექსური რეაბილიტაცია განხორციელდა.ა(ა)იპ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ.
პროცესში ეროვნულ სააგენტოს შემსრულებლის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებისა და საველე მისიების მეშვეობით სამუშოების გაცემულ სანებართვო პირობებთან შესაბამისობის კონტროლი ეკისრებოდა“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, 2020 წლის თებერვალში მათტან შესული ინფორმაციის საფუძველზე, მარტში განხორციელებული საველე მისიის შემდეგ ეროვნულმა სააგენტო დარგის შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით, კედლის მხატვრობის არსებული მდგომარეობის, დაზიანების გამომწვევი მიზეზებისა და აქტივიზაციის მექანიზმის კვლევის მიზნით, ეტაპობრივად ახორციელებს მონიტორინგს, რომლის ფარგლებშიც:
· „ჩატარდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, წმ. გიორგის სახელობის ტაძარში და სამხრეთ კარიბჭეში არსებული კედლის მხატვრობების მდგომარეობის ანალიზი; განისაზღვრა ისტორიულად დაზიანებული და აქტიური დაზიანების მქონე არეები; აღინუსხა დაზიანების ტიპები და განისაზღვრა დაზიანების აქტივიზაცის პროცესი;
· შესწავლილ იქნა ფასადებისა და ინტერიერის მდგომარეობა და დადგინდა მათ შორის ურთიერთკავშირი;
· გამოვლინდა 2013-2019 წლებში განხორციელებული რეაბილიტაციის შედეგად მოწყობილ გადახურვებზე 2020 წელს დაფიქსირებული ხარვეზების შედეგად კედლის მხატვრობის დაზიანებული მონაკვეთები;
· მიმდინარეობს დაზიანებული ფრაგმენტის მდგომარეობის მონიტორინგი, მათ შორის გამომარილებულ მონაკვეთებზე მარილის ნაწილობრივი მოხსნა.
2020 წლის 15 ივლისის მდგომარეობით განხორციელდა ეროვნული სააგენტოს სპეციელისტებისა და მოწვეული სპეციალისტების ჩართულობით განხორციელდა მონიტორინგის ოთხი მისია და შემუშავდა შესაბამისი ანგარიშები/რეკომენდაციები;ზემოაღნიშნული რეკომენდაციების შესაბამისად შემსრულებელ კომპანიას განესაზღვრა გამოსასწორებელი ღონისძიებები და მათი ხარისხიანი და დროული შესრულების მიზნით, ინტენსიური კომუნიკაციის რეჟიმში მიმდინარეობს პროცესის მონიტორინგი.
შედეგად, შემსრულებლის მხრიდან აღებული პასუხისმგებლობის შესრულებისათვის არაეფექტური ნაბიჯების გადადგმის გამო, და გამოსასწორებელი ღონისძიებების შესრულების დაჩქარების მიზნით, 2020 წლის 1 ივლისს შემსრულებელს ოფიციალური გაფრთხილება მიეცა, რომლის პირობების დარღვევის შემთხვევაში ეროვნული სააგენტოს მიერ გამოყენებულ იქნება მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი.
ეროვნული სააგენტოს დონეზე გრძელდება გეგმიური მონიტორინგი და გამოსასწორებელ ღონისძიებებზე ზედამხედველობა“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, 2020 წლის თებერვალ-მარტში გამოვლენილი დაზიანებების გათვალისწინებით დადგინდა, რომ ახალი მწარმოებლის მიერ ახალი ტექნოლოგიით დამზადებული კრამიტი, რომელიც ტაძრის ეკვდერების, ნართექსისა და საკურთხევლის გადახურვებისთვის იყო მოყენებული დაბალი ხარისხისაა და არ არის გათვალისწინებული - კირ-დურაბზე მოწყობილი გადახურვებისათვის.
„აღნიშნული კრამიტი გამოყენებულია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2018-2019 წწ-ში დაფინანსებული პროექტის - “გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების გადახურვის, ცოკოლის და სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაცია” ფარგლებში, და ასევე აშშ-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში - საკურთხევლის გადასახურად. ცნობილია, რომ კრამიტის დამზადებამდე, შემსრულებელმა კომპანიამ ჩაატარა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევა, რის საფუძველზეც დამკვეთთან (მგფ) შეთანხმდა კრამიტის კონკრეტული მწარმოებელი და დამზადების ტექნოლოგია. აღნიშნულ პროცესში სამწუხაროდ ეროვნული სააგენტო არ ყოფილა ჩართული. რეაბილიტაციის პროცესში კრამიტის მწარმოებილის ცვლილებასთან დაკავშირებით, მხოლოდ სიტყვიერად ეცნობა ეროვნულ სააგენტოს. ცვლილების მიზეზად კი დასახელდა პროექტის მოკლე ვადები და აღინიშნა, რომ მწარმოებლის შეცვლის მიუხედავად, უზრუნველყოფილი იქნებოდა მასალი მაღალი ხარისხი.
2020 წლის თებერვალში სააგენტოში შემოსული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელებული საველე მისიის შედეგად ეროვნულმა სააგენტომ გადახურვებთან დაკავშირებული ხარვეზების იდენტიფიცირება მოახდინა და შესაბამისი გამოსასწორებელი ღონისძიებები განსაზღვრა. დაფიქსირებული ხარვეზები უკავშირდებოდა “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ 2016 წელს შესრულებულ ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის დასავლეთის მკლავის გადახურვის მოწყობის სამუშაოებს და 2018-19 წლებში შესრულებულ ტაძრის ეკვდერების გადახურვას, შესაბამისად, მათი აღმოფხვრა სამუშაოების განმახორციელებელს - “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს” დაეკისრა. პრობლემის გამოვლენისთანავე, ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის მარტში, მოითხოვა აღნიშნულ კრამიტთან დაკავშირებული ხარვეზების გამოწორება და კრამიტის გადახურვის შეცვლა, რაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შემსრულებელთან გაფორმებული ხელშეკრულების სავალდებულო პირობას წარმოადგენდა. ამ პირობის თანახმად შემსრულებელ კომპანიას უნდა უზრუნველყო საექსპლუატაციო ვადაში გამოვლენილი დაზიანებების აღმოფხვრა. ამ ეტაპზე შემსრულებლის მიერ დამზადებულია სანიმუშო კრამიტები, რომელიც ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე სრულფასოვან ექსპერტიზას გადის“, - ნათქვმია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, მნიშვნელოვანი ხარვეზებია დაფიქსირებული ტაძრის დასავლეთ მკლავზე, სადაც გადახურვებზე არსებული დეფექტები სავარაუდოდ კირის ამორტიზებულ შევსებებს უკავშირდება, განსაკუთრებით გადახურვებისა და კედლის შეპირაპირების ადგილებში.
„დიდი ალბათობით, შეპირაპირების ადგილას არსებულ კირის შევსებაზე გაჩენილი ბზარებიდან გამოწვეული წყლის ინფილტრაციის შედეგად დასველდა ტაძრის დასავლეთ მკლავის კამარის სამხრეთ ნაწილში არსებული კედლის მხატვრობა, რომლის გამოშრობის პროცესში წარმოიქმნა მარილის ნადები. დასველების შედეგად ნაწილობრივ ჩამოცვივდა XX საუკუნის რესტავრაციისას გაკეთებული ქიმები. ტაძრის ზედა ნაწილებზე (გუმბათი, მკლავები, მკლავთაშორისი სივრცეები), სადაც გადახურვები აშშ-ს საგრანტო პროგრამის ფარგლებშიმოეწყო, კრამიტის დაზიანება არ ფიქსირდება“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მდგომარეობის ადგილზე შეფასებისა და მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა კედლის მხატვრობის შემდეგი დაზიანებები:
ტაძრის დასავლეთ მკლავზე, სავარაუდოდ გადახურვასა და კედლის შეპირაპირების ადგილას არსებულ კირის შევსებაზე გაჩენილი ბზარებიდან გამოწვეული წყლის ინფილტრაციის შედეგად დასველდა ტაძრის დასავლეთ მკლავის კამარის სამხრეთ ნაწილში არსებული კედლის მხატვრობა, რომლის გამოშრობის პროცესში წარმოიქმნა მარილის ნადები. დასველების შედეგად ნაწილობრივ ჩამოცვივდა XX საუკუნის რესტავრაციისას გაკეთებული ქიმები.
ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ ეკვდერზე, სადაც კონცენტრირებულია დაზიანებული კრამიტები, დაფიქსირდა წყლის შედარებით მცირე რაოდენობის ინფილტრაცია, რის შედეგადაც სეგმენტურად დასველდა ეკვდერში არსებული კედლის მხატვრობის ნაწილი, რომლის გამოშრობის პროცესში წარმოიქმნა თეთრი ნადები - სავარაუდოდ მარილი.
ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ ტაძარში დროდადრო დაფიქსირებული მცირე ფრაგმენტების ცვენის პროცესი ძირითადად მარილის მყარ კრისტალებსა და მე-20 საუკუნის სარესტავრაციო შევსებების ფრაგმენტებს უკავშირდება.
ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული დეტალური და ეტაპობრივი მონიტორინგისა და მონასტრის წარმომადგენლებთან გასაუბრების შედეგად, მოზაიკის დაზიანებისა ან/და მისი ფრაგმენტების დაკარგვა არ დადასტურებულა. (მათ შორის, გადამოწმდა ტ/კ „ფორმულას“ ტელეეთერში გასულ სიუჟეტში აღინიშნული ინფორმაცია თითქოს საკურთხეველში მოზაიკის ფრაგმენტების ცვენა შეინიშნებოდა)“, - აღნიშნავენ სააგენტოში.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დამატებითი განმარტების თანახმად, გელათის კედლის მხატვრობის ჰეტეროგენული ბუნებისა და საუკუნეების განმავლობაში გაჩენილი დაზიანებების გამო, აუცილებელია არსებული მდგომარეობის ისტორიულ (წარსულ და უახლეს) ჭრილში გაანალიზება, რაზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა 2020 წლის მარტიდან დღემდე. კედლის მხატვრობის არსებული მდგომარეობის, დაზიანების გამომწვევი მიზეზებისა და აქტივიზაციის მექანიზმის კვლევისთვის მიმდინარე მონიტორინგის ერთ-ერთი მიზანი, სწორედ ისტორიული და ახალი/მიმდინარე დაზიანებების გამიჯვნაა.
„გელათის მონასტრის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაცულია მრავალშრიანი, XII-XVII საუკუნეების კედლის მხატვრობა, რომელმაც ჩვენამდე, სამწუხაროდ, არაერთი ისტორიული, მათ შორის სხვადასხვა პერიოდში წყლის ჩასვლის შედეგად წარმოქმნილი დაზიანებებით, მოაღწია. კედლის მხატვრობაზე ბოლო ფართომასშტაბიანი სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშოები XX საუკუნის მეორე ნახევარში განხორციელდა, რა დროსაც სხვა ჩარევებთან ერთად დაზიანებული ნალესობის გამაგრების მიზნით გაკეთდა ქიმები და შევსებები.
უკანასკნელ დღეებში, ტელე-რადიო მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებებით გავრცელებულ სიუჟეტებსა და რეპორტაჟებში უმეტესად, სწორედ ისტორიული დაზიანებები წარმოჩინდა, რასაც არ მოჰყოლია მკაფიო განმარტებები თუ კონკრეტულად სად და რა ტიპის დაზიანებები გაჩნდა მოჭიქული კრამიტით გადახურვების მოწყობის შემდეგ“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში..
რაც შეეხება ხარვეზების წინასწარ განსაზღვრის შესაძლებლობას, როგორც სააგენტოში აცხადებენ, საპროექტო ეტაპზე, პროექტის განხორციელებისა და დასრულების მომენტისთვის ვერ იქნებოდა გათვლილი გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გადახურვებზე 2020 წელს გამოვლენილი ხარვეზები, რადგან ის დაკავშირებულია შესრულების ხარვეზებთან და მათი გამოვლენა საჭიროებს დროს. სწორედ ამ მიზნითაა განსაზღვრული პროექტის ფარგლებში საგარანტიო ვადა, რაც მისი დასრულების შემდეგ გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრის სამართლებრივ ბერკეტს ქმნის.
მათივე ინფორმაციით, მსოფლიო მემკვიდროების ძეგლის დაზიანებულ გადახურვებთან დაკავშირებული გამოსასწორებელი ღონისძიებები კომპანიის მიერ იქნება უზრუნველყოფილი და მასში სახელმწიფო სახსრები არ გაიხარჯება.
რაც შეეხება მდგომარეობის გამოსწორების სამართლებრივ ბერკეტებს, სააგენტოს ცნობით, გელათის კომპლექსური საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული ხარვეზები, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის მოწყობას უკავშირდება, „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ სრულად იქნება გამოსწორებული. გადახურვის მასალაზე გამოვლენილი დაზიანებების აღმოფხვრა დამკვეთსა და შემსრულებელ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით განხორციელდება, რაც საექსპლუატაციო ვადაში აღმოჩენილ დეფქტებზე შემსრულებლის ვალდებულებას განსაზღვრავს.
გარდა ამისა, სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ყურადღება გამახვილებულია გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის კონტექსტთან დაკავშირებითაც, სადაც ნათქვამია, რომ 2008 წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დაკვეთით ა(ა)იპ საქართველოს მემკვიდრეობამ შეიმუშავა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, გელათის მონასტერის კონსერვაციის მართვის გეგმა და შესაბამისი პროექტები კომპლექსში შემავალი შენობებისა და არქეოლოგიის რეაბილიტაცია-კონსერვაციისათვის.
„2015 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ა(ა)იპ საქართველოს მემკვიდრეობის თანამშრომლობით განახლდა აღნიშნული კონსერვაციის მართვის გეგმა და პროექტების ნაწილი. პროექტები 2010 და 2015წ.წ. მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის აღსრულების სახელმძღვანელო პრინციპების 172- ე პარაგრაფის შესაბამისად შეთანხმებულ იქნა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრსა და იკომოსთან. თანმდევად, 2010 წლიდან, სხვადასხვა დონორის დახმარებით, პროექტის ეტაპობრივი განხორციელება დაიწყო.
გელათის როგორც გეგმარებითი, კვლევითი და საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების მიდგომები და განხორციელების მეთოდოლოგია სრულად პასუხობს დარგში დღეს არსებულ საერთაშორისო ნორმებსა და მიდგომებს. ამას ადასტურებს 2015 წლის იუნესკო/იკომოს/იკრომის რეაქტიული მონიტორინგის მისიისა და 2017 წლის კომიტეტისთვის შემუშავებული პოზიტიური შეფასებები, რის შედეგადაც, გელათის სამონასტრო კომპლექსმა, როგორც დამოუკიდებელმა ძეგლმა თავისი კუთვნილი ადგილი დაიბრუნა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.
2020 წელს გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით, ეროვნული სააგენტო დისტანციურ რეჟიმში სისტემატურ კონსულტაციებს გადის დარგის წამყვან საერთაშორისო ექსპერტებთან, გადახურვებთან დაკვაშირებული პრობლემური საკითხების საუკეთესოდ შეფასებისა და აღმოფხვრის გზების დასახვისათვის. პანდემიური ვითარების ფონზე სამომავლოდ იგეგმება ექსპერტების საველე მისიაც.
ზოგადად, სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო მდგომარეობის პრობლემატიკა, მისი ისტორიული დაზიანებების გამო, მუდმივად იდგა დღის წესრიგში, რომლის განხორციელებაც არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაციის შემდგომ ეტაპზე იგეგმება“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ეროვნული სააგენტო შესაძლო რესურსების გამოყოფის თაობაზე მოლაპარაკებს მართავს როგორც დონორებთან, ასევე საერთაშორისო დარგობრივ ინსტიტუციებთან, რათა გადახურვებთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ უზრუნველყოფილი იყოს კედლის მხატვრობის კონსერვაციის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი - მიდგომა, მეთოდოლოგია და შესრულების მაღალი ხარისხი როგორც პროექტირების, ასევე შესრულების ეტაპზე.
ცნობისთვის, გელათის მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული საგანძური, ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად და ერთიანი ნომინაციის ფორმატით, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ჯერ კიდევ 1994 წელს შევიდა. თუმცა, სახელმწიფოს მიერ, 2008 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტთან და მის მრჩეველ ორგანოებთან შეთანხმების გარეშე ბაგრატის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შედეგად, 2010 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესიამ მიიღო სამწუხარო გადაწყვეტილება (34 COM 7B.88) შეეტანა ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა ნუსხაში. სამწუხაროდ, მიუხედავად მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მიერ მიღებული გამაფრთხილებელი გადაწყვეტილებისა, ბაგრატის ტაძარზე სახელმწიფოს მიერ მაინც გაგძელდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რამაც, ბაგრატის საკათედრო ტაძარი და მასთან ერთად გელათის მონასტერი 2012 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღების გარდაუვალი რეალობის წინაშე დააყენა.
გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის გამორჩეული ღირებულებების გადასარჩენად, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტსა და მის მრჩეველ ორგანოებთან ინტენსიური და ნაყოფიერი კომუნიკაციის ფონზე გაერთიანდა ყველა მხარის, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის, კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუციების, საქართველოს საპატრიარქოსა და საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა, რათა მას თავისი კუთვნილი ადგილი დაებრუნებინა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.