აშშ-ის შტატების უმეტესობაში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა

მას შემდეგ, რაც ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა და 3.6 მილიონს გადააჭარბა, აშშ-ის შტატების უმეტესობაში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა. ლუიზიანას შტატის მოსახლეობა ვალდებულია ქუჩაში გამოსვლისას სახის დამცავი ნიღბები ატაროს. ამასთან, შტატის გუბერნატორის ჯონ ბელ ედვარსის გადაწყვეტილებით, ლუიზიანაში ბარები დაიკეტება და შტატი რეგულაციებს კვლავ გაამკაცრებს. კოლორადოში კი, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში 10 წელს ზემოთ ნებისმიერი ადამიანი ვალდებულია პირბადე ატაროს. მსგავსი შეზღუდვები დააწესეს სხვა შტატებშიც.

შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საზოგადოების წინაშე პირბადით პირველად გამოჩნდა. იქამდე კი პრეზიდენტი აცხადებდა, რომ პირბადის გამოყენებას აზრი არ აქვს, რადგან ის ადამიანებს ვირუსის გავრცელებისგან არ იცავს.