ლევან დავითაშვილი - წელს თხილის მოსავალი ჭარბი და ხარისხიანი იქნება

წელს თხილის მოსავალი ჭარბი და ხარისხით გამორჩეული იქნება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სამეგრელოში, მეთხილე ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე თხილის წლევანდელი მოსავლის რაოდენობისა და ხარისხის, დაბინავების და ექსპორტის საკითხები განიხილეს. მათივე ცნობით, ხობში მინისტრთან ერთად სამეგრელოს მხარის რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი თოდუაც იმყოფებოდა.

„ბოლო წლებში თხილის სექტორი დიდი გამოწვევების წინაშე იდგა. სახელმწიფოსა და ფერმერების ერთობლივი მუშაობით, ეს სირთულეები დაძლეულია. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 2020 წლის მოსავალი, როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხის თვალსაზრისით, გამორჩეულად კარგი იქნება. საერთაშორისო ბაზრების წლევანდელი ტენდენციების თანახმად, მოსალოდნელია საკმაოდ მაღალი ფასი, შესაბამისად, 2020-21 წლების სეზონი ფერმერებისთვის ფინანსურადაც წარმატებული უნდა იყოს. მოსავლის აღება რამდენიმე დღეში დაიწყება. მნიშვნელოვანია, რომ არ მოვადუნოთ ყურადღება და ბოლო წამლობა, ბოლო ოპერაციები ჩავატაროთ პასუხისმგებლობით და იმ პროტოკოლის დაცვით, რომელიც განვსაზღვრეთ. თხილის სექტორს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ჩვენს ეკონომიკაში. გვაქვს მოლოდინი, რომ ღირებულებაში 100 მილიონს გადავაჭარბებთ და, დაახლოებით, 55 ათასი ტონა ხარისხიანი თხილის მოსავალი გვექნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

უწყების ინფორმაციით, მხარის რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ იმედი გამოთქვა, რომ ქართული თხილი ხარისხითა და კონკურენტუნარიანი ფასით ევროკავშირის ბაზარზე ძველ პოზიციებს დაიბრუნებს.

„ლევან დავითაშვილი, ალექსანდრე მოწერელია და გიორგი თოდუა, სოფელ ახალ ხიბულაში, კობა შონიას თხილის ბაღშიც იმყოფებოდნენ. ფერმერს 2 ათას ძირამდე თხილი აქვს გაშენებული და თანამედროვე სარწყავი სისტემა აქვს მოწყობილი. თხილის ბაღის დათვალიერების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად, აბაშაში ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, სადაც თანამშრომლებს შეხვდა. ლევან დავითაშვილმა წელს უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მინისტრმა მავნებელთან ბრძოლის მიმართულებით მასშტაბური სამუშაოების წარმატებით განხორციელებისთვის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.