Netflix-ის ხელმომწერების რაოდენობა 10 მლნ-ით გაიზარდა

ამერიკული კორპორაცია Netflix-მა, რომელიც სტრიმინგ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს, საკუთარი მომხმარებლების ბაზა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 27,3%-ით გაზარდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამის შესახებ კომპანიის ანგარიშში წერია.

დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში კომპანიის ხელმომწერების რიცხვი 10,1 მილიონით გაიზარდა, მაშინ როცა 2,7 მილიონიანი ზრდა ჰქონდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში. აღსანიშნავია, რომ ზრდა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში - 15,77 მილიონი.

კომპანიის შემოსავლებმა 6,148 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით 24,9%-იანი ზრდაა. კომპანიის სუფთა მოგებამ შეადგინა 720 მილიონი დოლარი. Netflix მესამე კვარტალში 6,327 მილიარდიან შემოსავალს ელოდება, სუფთა მოგების სახით კი 954 მილიონ დოლარს. თუმცა, ახალი ხელმომწერების რაოდენობის ზრდას მხოლოდ 2,5 მილიონით პროგნოზირებს.

კოკა კვირკველია