Facebook-ი TikTok-ის ანალოგის გლობალურად ჩასაშვებად ემზადება

ამერიკული კორპორაცია Facebook აპირებს საკუთარ სოციალურ ქსელ Instagram-ის ბაზაზე შექმნას ჩინური TikTok-ის ანალოგი და მის ჩაშვებას 50-ზე მეტ ქვეყანაში გეგმავს.

ამის შესახებ ტელეკომპანია NBC წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მათი მონაცემებით, სერვისი სახელწოდებით Instagram Reels რამდენიმე კვირაში გახდება ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის, მათ შორის შეერთებულ შტატებშიც, სადაც მისი ჩინური ანალოგის აკრძალვით იმუქრება ხელისუფლება. შესაბამისი ფუნქცია Instagram-ის აპლიკაციაზე გამოჩნდება. მომხმარებლები შეძლებენ ვიდეოების გადაღებას და მათზე სასურველი აუდიო ფაილის მიბმას არსებული ტრეკებიდან. TikTok-ის მსგავსად პოპულარული ვიდეოები გამოჩნდება რეკომენდირებულების განყოფილებაში.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, პლატფორმა ჯერ კიდევ ნოემბერში შეიქმნა, თუმცა, თავიდან მხოლოდ ბრაზილიაში იყო ხელმისაწვდომი. ივნისში ის უკვე ხელმისაწვდომი გახდა გერმანიასა და საფრანგეთში, გასულ კვირას კი ინდოეთში, სადაც TikTok აკრძალეს.

კოკა კვირკველია