ამერიკული კორპორაცია Google მომდევნო წლების განმავლობაში აპირებს 4,5 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ინდურ კომპანიაში Jio Platforms, რომლის საბოლოო მიზანია ბიუჯეტური სმარტფონების შექმნა ინდოეთის დაბალშემოსავლიანი ფენისთვის.
ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ განაცხადა.
„Google მომდევნო 5-7 წლის მანძილზე აპირებს 4,5 მილიარდი დოლარის ინვესტირებას პლატფორმაში Jio Platforms, რათა გავუხსნათ მილიონობით ინდოეთის მოსახლეს წვდომა ციფრულ ტექნოლოგიებზე“ - აცხადებს პიჩაი.
მისივე თქმით, მათ უკვე გააფორმეს ხელშეკრულება Jio Platforms-თან, რათა შექმნან დაბალფასიანი სმარტფონი Android-ის ოპერაციულ სისტემაზე.
„ეს იქნება ყველაზე დიდი ინვესტიცია მობილური კავშირის გაუმჯობესებისთვის ამ ქვეყანაში,“ - წერს გამოცემა The Economic Times.
მანამდე, მიმდინარე კვირის დასაწყისში პიჩაიმ გვამცნო, რომ ინდოეთში შეიქმნება 10 მილიარდ დოლარიანი ფონდი, რომელიც ქვეყნის გაციფრულებას უნდა მოხმარდეს. ინვესტიციები კონკრეტული მიმართულებების განვითარებას მოხმარდება. მათ შორის საუბარია, ინფორმაციაზე წვდომაზე, ინდოეთის ყველა მცხოვრებისთვის, ასევე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება და სოფლის მეურნეობა.