ისრაელის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი ზომები დააწესა, რომელიც ძალაში პარასკევს შუადღისას შედის და კვირა დილამდე გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დაიკეტება სავაჭრო მოლები, მაღაზიები, აუზები, ზოოპარკები და მუზეუმები. გარდა ამისა, აიკრძალება 10-ზე მეტი პირის შეკრება დახურულ სივრცეებში, ღია სივრცეებში კი ეს შეზღუდვა 20-ზე მეტ ადამიანზე გავრცელდება. დროებით შეიზღუდება რესტორნების მომსახურებაც და მათ მხოლოდ ე.წ გატანის სერვისებზე მუშაობის ნებართვა ექნებათ.
მედიის ინფორმაციით, მიმდინარე უქმეებზე მოქალაქეებს სახლიდან გასვლის უფლება ექნებათ, 24 ივლისისთვის კი, შესაძლოა, სრული კარანტინი დაწესდეს.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის 46 059 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 20 370 და დაიღუპა 384 ადამიანი.