ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომელიც მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან საბურთალოს რაიონში ამოქმედდება, რამდენიმე გამზირსა და ქუჩას მოიცავს. ამის შესახებ თბილისის მერიიდან იუწყებიან.
მათი ინფორმაციით, პარკირების ახალი სისტემა ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირზე სრულად, მიცკევიჩის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩებზე (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე), ასევე, ყაზბეგის გამზირზე - კარტოზიას ქუჩიდან პეკინის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში დაინერგება.
გარდა ამისა, მერიის ცნობით, ზონალურ-საათობრივი პარკირება იმოქმედებს ვაჟა-ფშაველას გამზირზე (პეკინის გამზირიდან ასათიანის ქუჩის კვეთამდე).
„მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, პეკინისა და ყაზბეგის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 აგვისტოდან, ათი საინფორმაციო პავილიონი განთავსდება, სადაც მოსახლეობა რეგისტრაციასა და დეტალური ინფორმაციის მიღებას შეძლებს.
ფიზიკურ პირს, რომელიც ზონალური პარკირების არეალში უძრავ ქონებას ფლობს, შეუძლია, მის მიერ წინასწარ მითითებული სატრანსპორტო საშუალება საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრის რადიუსში უფასოდ დააპარკინგოს. უძრავი ქონების მესაკუთრე ინტერნეტის მეშვეობით, ID ბარათით, ან მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ მუნიციპალურ პავილიონებში შეძლებს, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართის გათვალისწინებით, ორი სატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრიროს.
პარკირების საფასური საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას, ელექტრომობილების მფლობელებსა და შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილებს არ შეეეხება. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, პარკირება ერთი საათის განმავლობაში, ერთი ლარი ეღირება. დღე-ღამის განმავლობაში, ზონალური პარკირების ოთხ სხვადასხვა ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისას პირველი 15 წუთი უფასოა.
ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა სხვადასხვა საშუალების გამოყენებით არის შესაძლებელი: ვებგვერდი - www.tp.ge, მობილური აპლიკაცია - TBILISI PARKING და სწრაფი გადახდის აპარატები (Pay Box)“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
რაც შეეხება პარკირების ადგილებს, თბილისის მერიის ცნობით, საბურთალოს რაიონში სულ განსაზღვრულია ზონალურ-საათობრივი პარკირების 1 039 ადგილი: ყაზბეგის გამზირი - 371 ადგილი; პეკინის გამზირი - 209 ადგილი; ვაჟა-ფშაველას გამზირი - 305 ადგილი; ბახტრიონის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩამდე - 52 ადგილი; სულხან ცინცაძის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩამდე - 31 ადგილი; ადამ მიცკევიჩის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩამდე - 71 ადგილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება ბარათაშვილის, კოტე აფხაზისა და აბანოს ქუჩების ნაწილზე, ასევე, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მოქმედებს.