კომპანია „არემჯი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ჟურნალ “ველურ ბუნებასთან“ ერთად საქართველოს მდინარეებსა და ტბებში, იქტიოფაუნისათვის მნიშვნელოვანი სახეობის თევზის - ფარგის დაბრუნებას პროექტს ახორციელებს. როგორც „არემჯიში“ აცხადებენ, ამისთვის, 2019 წელს შემოდგომაზე აზერბაიჯანიდან საქართველოში საცდელი ფორმით ფარგა შემოიყვანეს და რიგი ღონისძიებების შემდეგ, 2020 წლის ზაფხულისთვის უკვე საქართველოს მდინარეებში ასიათასობით ლიფსიტას გაშვების პროცესი დაიწყო.
როგორც კომპანია “არემჯის” კორპორაციული დირექტორის მოადგილე საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ირაკლი შატაკიშვილი აცხადებს, სირთულეების მიუხედავად პროექტი წარმატებით განხორციელდება.
„ფარგა ანუ Lucioperca, ძირითადად ევროპისა და ამერიკის მდინარეებსა და ტბებშია გავრცელებული. თუმცა ჯერ კიდევ წინა საუკუნის მიწურულს, ფარგა არსებობდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში და როგორც მტაცებელი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა იქტიოფაუნისთვის. სხვადასხვა ბუნებრივმა თუ ხელოვნურმა პირობებმა, ხოლო 90-იანი წლებიდან მოყოლებული ბრაკონიერების „ელექტროშოკით თევზაობამ”, XXI საუკუნეში საქართველოს მდინარეებში დარჩენილი ფარგა სრულიად გააქრო. რამდენადაც ვიცით, ოცი წელია მეთევზეები უშედეგოდ ცდილობდნენ ფარგის დაბრუნებას, რაც ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა გართულებული ბიუროკრატიისა და რიგ შემთხვევებში არასაკმარისი ფინანსური რესურსების გამო. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ამ პროექტში აქტიურად ჩართვა. მოხარულები ვართ, რომ ბევრი სირთულეების მიუხედავად პროექტი წარმატებით დაგვირგვინდა და საქართველოს მდინარეებს ეტაპობრივად მისი ძირძველი ბინადარი - ფარგა დაუბრუნდება. ვფიქრობ, სხვადასხვა ფორმით ბუნებაზე ზრუნვით, საქართველოს ბიომრავალფეროვნებისათვის კარგ საქმეს ვაკეთებთ”,-აცხადებს ირაკლი შატაკიშვილი.
ჟურნალ “ველური ბუნების” წარომადგენლის, გოჩა კობერიძის თქმით, სახეზეა კომპანიის რეალური ნაბიჯები გარემოზე ზრუნვის საკითხებში.
“უკვე მესამე წელია აქტიურად ვაკვირდებით “არემჯის” გარემოსდაცვით, მათ შორის მდინარეების მიმართულებით ჩატარებულ ღონისძიებებს. სახეზეა კომპანიის რეალური ნაბიჯები გარემოზე ზრუნვის საკითხებში და ამას ადასტურებს ეკოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება მდინარეებში მაშავერა და კაზრეთულა. სწორედ ამიტომ, ფარგის დაბრუნების პროექტით “არემჯის” მივმართეთ. შევთანხმდით, რომ ფარგის წარმატებით შემოყვანის შემთხვევაში, თევზის გაშვება მოხდებოდა მდინარეებში, სადაც კომპანია ოპერირებს. “არემჯის” ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მსოფლიო ბუნების დაცვის ფონდის (WWF) და ფონდი “განვითარება და გარემოს” ჩართულობით შემოვიყვანეთ 1000-მდე მცირე ზომის ფარგა და გადავეცით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოს“. სირთულეებით სავსე გზა გავიარეთ და დღეს მილიონობით ლიფსიტა გვყავს, სადედე ჯგუფიც შენარჩუნებულია, „ველური ბუნების ეროვნული სააგენტოსთვის“ გადაცემული თევზი მომავალში კიდევ უფრო გაზრდის სადედე ჯგუფს, რაც საშუალებას გვაძლევს ამაყად განვაცხადოთ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა. იმ მდინარეებში, სადაც ლიფსიტა იქნება გაშვებული, დამონტაჟდება ფოტოხაფანგები და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან ერთად განხორციელდება მკაცრი კონტროლი. იგეგმება სხვადასხვა აქტივობები, რათა აქტიურად ჩაერთოს სამოქალაქო საზოგადოება და ერთად დავიცვათ ჩვენი მდინარეები”,-აცხადებს გოჩა კობერიძე.