"პოსტპანდემიური გაჯანსაღება შავი ზღვის რეგიონში" - ამ სახელწოდების საერთაშორისო ვებინარში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. შეხვედრა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) ორგანიზებით და შავი ზღვის სწავლების საერთაშორისო ცენტრთან (ICBSS) თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ღონისძიება კობა გვენეტაძემ და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა დიმიტრი პანკინმა გახსნეს. კობა გვენეტაძემ ვრცლად ისაუბრა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და პანდემიის ეკონომიკურ გავლენაზე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კორონავირუსით გამოწვეული პანდემია უპრეცედენტო შოკია, რომელმაც გამოწვევის წინაშე დააყენა ეკონომიკის ყველა სექტორი და გაურკვევლობის მაღალი ხარისხი შექმნა. კობა გვენეტაძემ დეტალურად ისაუბრა იმ საგანგებო ღონისძიებებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავისი მანდატის ფარგლებში გაატარა, რათა შეერბილებინა პანდემიის გავლენა ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორზე.
კობა გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა არსებული კრიზისის მასშტაბებზე და პარალელი 2007-2009 წლების გლობალურ ფინანსურ კრიზისთან გაავლო, რომელიც არსებულთან შედარებით ნაკლებად მძიმე იყო.
"მიუხედავად ამისა, დღესდღეობით ბანკები და მთლიანად ფინანსური სექტორი კარგად კაპიტალიზებულია, გააჩნია მდგრადი აქტივები, საკმარისი ლიკვიდობა და ლევერიჯის მდგრადი დონე. თუ გლობალური ფინანსური კრიზისის დროს ბანკები თავად წარმოადგენდნენ შოკის წყაროს, დღეს ისინი მზად არიან შთანთქონ პოტენციური დანაკარგები ისე, რომ ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას.
შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის დამახასიათებელია ტურიზმის სექტორის შედარებით დიდი წილი ეკონომიკაში. ვინაიდან პანდემია განსაკუთრებით სწორედ ტურიზმის სექტორს აზარალებს, შესაძლოა ეკონომიკური აქტივობა ამ ქვეყნებში მთავარ გამოწვევად იქცეს. ამდენად, ამ პერიოდში ტურიზმის სექტორის დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ფისკალური პოლიტიკის როლი ასეთი შოკების დროს კიდევ უფრო იზრდება. სახელმწიფო ღონისძიებები მიზნად ისახავს მოსახლეობის იმ ჯგუფების დახმარებას, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა. ამავე დროს, სპეციალური პროგრამები შემუშავდა ისეთი მნიშვნელოვანი სექტორების მხარდაჭერისთვის, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და მშენებლობა", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ელიოტ აუკლენდმა, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პირველმა მოადგილემ ებრუ ბარუკუ გოკდენიზლერმა, საბერძნეთის ეკონომიკისა და ინდუსტრიული კვლევების ფონდის გენერალურმა დირექტორმა ნიკოს ვეტასმა, უკრანული საინვესტიციო კომპანია "Horizon Capital" - ის წარმომადგენელმა ლენა კოჟარნიმ.
საერთაშორისო ვებინარში ასევე მონაწილეობდნენ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების საჯარო სექტორის, ბიზნესის, სამეცნიერო წრეებისა და მედიის წარმომადგენლები.
ამავე შეხვედრაზე, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა გაასაჯაროვა რეგიონული ანალიზის დოკუმენტი "პანდემიური კრიზისი და შავი ზღვის რეგიონი - გავლენა, საპასუხო ქმედებები და საერთაშორისო განვითარების ბანკების როლი", რომელშიც დეტალურად არის განხილული პოსტპანდემიურ პერიოდში საერთაშორისო განვითარების ბანკების როლი.