დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით," ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში ცვლილებებით დაცული იქნება როგორც სახელმწიფო ინტერესი, ასევე მომხმარებელთა უფლებები.
მისივე თქმით, თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრის დამოკიდებულება ამ კანონის მიმართ იყო კლასიკური მაგალითი, თუ როგორ შეიძლება არამნიშვნელოვანი საკითხები აქციო პირველი ხარისხის საკითხებად, რადგან ეს მათი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყო აუცილებელი.
"მთავარი პრობლემა იყო ის, რომ არსებობდა კომპანია, რომელმაც ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე განახორციელა ქმედება და არსებული კანონით გათვალისწინებული ზომები, არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ქმედების აღკვეთისთვის. არსებობდა უფრო მკაცრი ზომა, რომელსაც ქვია ლიცენზიის შეჩერება, მაგრამ მას მოჰყვება ძალიან ცუდი შედეგები მოსახლეობისთვის. ამიტომ მარეგულირებელმა გადაწყვიტა, შემოეტანა შედარებით რბილი ზომა იმისათვის, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ყოფილიყო მოგვარებადი. იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული განსაზღვრება, ყველამ ვიცით, რაზეა საუბარი და ეს არ არის პირველხარისხოვანი პრობლემა. პირველხარისხოვანი გახლდათ ის, რომ არსებობს სახელმწიფო ინტერესები, რომელსაც უნდა აკონტროლებდეს მთავრობა და შემოიტანა ამის მარეგულირებელი კანონი. ამას ჰქონდა მეორე მხარე, რომ ამ კანონს არ დაეზიანებინა კერძო სექტორი და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი ეს რისკები, რაც თავად კერძო სექტორმა აღიარა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ მნიშვნელოვანი ნაწილების დანახვის გარეშე, ოპოზიციამ, განსაკუთრებით , ჩვენი გუნდიდან წასული დეპუტატების გარკვეულმა ნაწილმა ყველაფერი მოახერხა თავისი ჭკუით იმისთვის, რომ მთავარი მიღწევა გადაედო გვერდზე და წინა პლანზე წამოეწია საკითხები, რომელიც გაცილებით მეორე და მესამე ხარიახოვანია, "- განაცხადა კაკულიამ.
ცნობისთვის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს, რომელიც კომუნიკაციების კომისიას სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევს, პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით იხილავს.