2 აგვისტოდან მიუნხენი-თბილისის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება

მიუნხენი - თბილისის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გერმანული ავიაკომპანია Lufthansa საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განაახლებს. აღნიშნულის თაობაზე, უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიას შორის.

„ავიარეისები Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება: მიუნხენი - თბილისის მიმართულებით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, ხოლო თბილისი - მიუნხენის მიმართულებით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.