სახლი კანარის კუნძულებზე, მიწები, ფერწერული ტილოები - რა ქონებას ფლობს პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია

პარლამენტის წევრმა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“, კობა ნაყოფიამ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 30 ივნისს შეავსო.

დოკუმენტის მიხედვით, დეპუტატი ფლობს: 55 კვ.მ ფართობის ბინას მოსკოვში, რომელიც 1995 წელს 56 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი; 360 კვ.მ ბინას და 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთს გალში, რომელიც 2005 წელს მემკვიდრეობით გადაეცა. ასევე, 198 კვ.მ ბინას თბილისში, რაშიც 2005 წელს 150 000 აშშ დოლარი გადაიხადა; 300 კვ.მ ბინას ესპანეთში, კანარის კუნძულებზე, რომელიც 1995 წელს 50 000 აშშ დოლარად შეიძინა.

2013 წელს აქვს შეძნილი 223,3 კვ.მ ბინა თბილისში, ჭავჭავაძეზე, რომლის ღირებულება 500 000 აშშ დოლარია და ავტოფარეხი, რაშიც 20 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

გარდა ამისა, კობა ნაყოფია უძრავ ქონებას ფლობს გონიოშიც. კერძოდ, 836 კვ.მ მიწის ნაკვეთს და 400 კვ.მ მშენებარე საცხოვრებელ სახლს, რომლის ჯამური ღირებულება 200 000 აშშ დოლარია.

დეპუტატის საკუთრებაშია ასევე, მსუბუქი ავტომანქანა Mercedes Benz GL 500, 2010, #ELG007, რაშიც 2010 წელს 95 000 ევრო გადაიხადა და ლადო გუდიაშვილის ორი ფერწერული ტილო, რომლის ჯამურ ღირებულება 50 000 აშშ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში კობა ნაყოფია ფლობდა: „საქართველოს ბანკის“ საბარათეზე - 36 896 ლარს, „ვითიბი ბანკის“ მიმდინარეზე - 46 562 ლარს, „უკრსიბ ბანკის“ მიმდინარეზე - 15 460 უკრაინულ გრივნას და 1 998 დოლარს. ხოლო, დანაზოგის სახით - 10 000 ლარს.

დოკუმენტის მიხედვით, დეპუტატმა 2019 წელს პარლამენტში ხელფასის სახით 47 778 ლარი აიღო.

აღსანიშნავია, რომ კობა ნაყოფია აგრეთვე არის შპს Bioneli limited LTD-ის და შპს „გოლდინვესტის“ 100%-ანი წილის მფლობელი.

ნინი ქეთელაური