ლიფტი, პანორამული ხედები - როგორ გამოიყურება კერძო სახლი მცხეთის ისტორიულ უბანში, რომელიც 5 მლნ-ზე მეტი ღირს (+ფოტო)

მცხეთის ცენტრში, ისტორიულ უბანში იყიდება სახლი, რომელიც 5 517 180 ლარი (1 799 940 აშშ დოლარი) ღირს.

როგორც Ss.ge -ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის საერთო ფართობი 1400 კვ.მ-ა, აქედან საცხოვრებელი სახლი - 700 კვ.მ. დანარჩენი ფართობი კი ღია და დახურულ სივრცეებსა თუ ტერასებს უკავია.

სახლი არის ოთხსართულიანი, რომელიც მოიცავს 8 ოთახს, აქედან 4 საძინებელია. ამასთან, შენობა მთლიანად მოდერნისტულ სტილშია გადაწყვეტილი, ხის, ქვის, რკინის ნაკეთობებითა და კლასიკური ტიპის რემონტით.

განცხადების მიხედვით, ვილას აქვს ლიფტი, გათბობა-კონდენცირების თანამედროვე ტექნოლოგიები, შიდა სატელეფონო ქსელი, სათვალთვალო კამერები.

"ჭკვიანი სახლი. ულამაზესი პანორამული ხედებით სვეტიცხოველზე, ეკლესია-მონასტრებზე. მთელს მცხეთის ულამაზეს პეიზაჟზე. სახლის 0- ნიშნულზე განთავსებულია საბანკეტო დარბაზი, საქეიფო სივრცით, მარანითა და ბუხრით ძველ სტილში გადაწყვეტილი. სათავსო ოთახი, 1 სველი წერტილით და დაცვის ოთახით. მეორე სართულზე: 4 საძინებელი, თავისი სველი წერტილებითა და გარდერობებით, დიდი ვერანდებით და პანორამული ხედებით. მესამე სართულზე: დიდი საძინებელი, აპარტამენტის ტიპის, 1 ჯაკუზის ოთახი, 1 ცალკე სველი წერტილით, დიდი კაბინეტი + თავისი სველი წერტილით. წინ დიდი ვერანდით და ულამაზესი ხედებით მცხეთის ღირსშესანიშნაობებზე. ეზო ორ დონეზეა ტერასულად განთავსებული, საერთო ფართობი: 2000 კვ.მ. შემოღობილი, გალავანში. პულტირებული ავტოფარეხით. უიშვიათესი დეკორეტიული მცენარეებით, ხენარგავებით გამწვანებული. მინდორი. სარწყავი სისტემა. აუზი 60მ2. უახლესი, თანამედროვე ტიპის წლის ყველა სეზონისთვის დაგეგმარებული და მოწყობილი. ეზოს სათვალთვალო კამერებით და სიგნალიზაციით. ავტომატიზირებული ჭიშკრებით",- ნათქვამია განცხადებაში.

ნინი ქეთელაური