კანონპროექტმა, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ლიცენზირებულ კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევს, საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს დროში მესამე მოსმენით დაამტიკიცა.
რას გულისხმობს სპეციალური მმართველი?
კანონში შესული ცვლილებების თანახმად კომპანიაში სპეციალური მმართველი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელი პირის მიმართ უკვე გამოყენებულია ჯარიმები და მოცემულმა ჯარიმებმა ვერ უზრუნველყო კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო ავტორიზაციის შეჩერებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს.
კანონპროექტის გაცნობის შემდეგ ჩნდება კითხვა, თუ რატომ გახდა საჭირო და რამ გამოიწვია აღნიშნული რეგულაციის შემოღება საკომუნიკაციო ბაზარზე. ამ მიმართულებით ვითარება ბუნდოვანია, თუმცა საინტერესოა რამდენიმე ფაქტი, რამაც შეიძლება სწორ მიგნებამდე გაგვიყვანოს. პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, მეთიუ ბრაიზის განცხადება უნდა აღვნიშნოთ. მისი თქმით, მოცემულ კანონპროექტს შესაძლოა, „კავკასუს ონლაინი“ მიზანში ჰყავდეს ამოღებული.
აღსანიშნავია, რომ „კავკასუს ონლაინსა“ და კომუნიკაციების კომისიას შორის ურთიერთობა არც თუ ისე სახარბიელოა. ჯერ კიდევ 2019 წელს კომუნიკაციების კომისიამ მისი თანხმობის გარეშე „კავკასუს ონლაინი“ წილის გასხვისების გამო დააჯარიმა. მაშინ „კავკასუსის“ წილები აზერბაიჯანულმა კომპანია „ნექსოლმა“ იყიდა. კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ სამართალდამრღვევად პირველად 2019 წლის 17 ოქტომბერს ცნო და კანონდარღვევით გასხვისებული წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, „კავკასუს ონლაინი“ 2019 წლის 12 დეკემბერს 30 ათასი ლარით დაჯარიმდა, ხოლო სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, 2020 წლის 6 თებერვალს კომისიამ კომპანიას ჯარიმის სახით 90 000 ლარი დააკისრა. სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად და წილის გასხვისებამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნების ვადა „კავკასუს ონლაინს“ 22 თებერვლამდე ჰქონდა, თუმცა მისი მხრიდან ვალდებულება მაშინაც არ შესრულებულა. 2020 წლის 12 მარტს კი, კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ 270 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამასთან საინტერესოა ისიც, რომ მოცემული კანონპორექტის მიღების პროცესი საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ კანონპროექტი კონკრეტულ მიზანს ემსახურება.
ბრაიზას თქმით, აღნიშნულმა ცვლილებებმა შესაძლოა, რეგიონული ციფრული ჰაბის პროექტის განხორციელებასაც შეუშალოს ხელი, ანუ საქართველო შესაძლოა ამ პროექტს მთლიანად გამოეთიშოს. არადა თუ ეფექტური, სწრაფი, ოპტიკურ- ბოჭკოვანი ქსელი პირდაპირ თბილისზე გაივლის, არის იმედი, რომ თბილისში დიდი მონაცემთა ცენტრები აშენდეს. შესაბამისად, კანონპროექტის მიღება გარკვეულ რისკებს უკვე წარმოშობს.
ცნობისთვის, ციფრული ჰაბის პროექტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების ქსელის შექმნას გულისხმობს, რომელიც გერმანიის ქალაქ ფრანკფურტიდან, შანხაიმდე იქნება გადაჭიმული. „კავკასუს ონლაინი“ კი ამ პროექტში ცენტრალური ნაწილია, რადგან ბულგარეთსა და საქართველოს შორის, შავ ზღვაში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები „კავკასუსის“ საკუთრებაშია.
ყურადსაღებია, რომ რეგულაციის წინააღმდეგ შესაბამისი განცხადება „კავკასუს ონლაინმა“ და სხვა ტელესაკომუნიკაციო კომპანიებმაც გააკეთეს, მათი თქმით აღნიშნული ცვლილება არაკონსტიტუციურია, თუმცა შემდგომში კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა განაცხადა, რომ ბიზნესთან კონსენსუსი შედგა.
მისი თქმით, თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით დავიწროვდა გადაწყვეტილებების არეალი, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც ჩაირთვება ეფექტიანი აღსრულების მექანიზმი. ამასთან, 5 სპეციფიკური ვალდებულებიდან, რომელიც დაკისრებული აქვს ოპერატორს, დარჩა მხოლოდ ორი ვალდებულება. კახა ბექაურის განმარტებით, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის თუ არსებული საკანონმდებლო მექანიზმები არ იქნება ეფექტიანი, ამ შემთხვევაში 4 ჯარიმის, 4 სანქციის შემდეგ ჩაირთვება დროებითი მმართველის მექანიზმი. იმისთვის კი, რომ კომპანიამ აღმოფხვრას დარღვევა და შეასრულოს კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება, მას ეძლევა გონივრული ვადა, რომელიც დღეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია.
თუმცა მიუხედავად კახა ბექაურის განცახდებისა, ეს საკითხი მაინც აქტუალურია და ბევრ კითხვას ბადებს. მათ შორის მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს, მიზანმიმართულია თუ არა ეს რეგულაცია უშუალოდ „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ და თუ ეს ნამდვილად ასეა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნესგარემოს მნიშნველოვანი დისკრედიტაცია ემუქრება, რაზეც არაერთი ექსპერტი საუბრობს.
მოცემულ პათოსს იზიარებს „ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე“, რომან გოცირიძე. მისი თქმით, კანონპროექტი ემსახურება ივანიშვილის ინტერესებს, რომელსაც უნდა რომ, კონტროლი დამყაროს არა მხოლოდ იმ ბიზნესზე, სადაც ინტერესები აქვს, არამედ თავის პარტნიორებზეც. გარდა ამისა შესაძლოა ამ ყველაფერმა ქვეყნის საინვესტიციო იმიჯიც შეარყიოს.
თუმცა, არსებობს ბიზნესმენთა გარკვეული კატეგორია, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია აქვთ. მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელის, უჩა სეთურის თქმით, ეს ინსტრუმენტი ჩნდება სწორედ იმისთვის, რათა ბაზარზე კონკურენცია გაიოლდეს და ამასთან თავიდან იქნეს აცილებული კომისიის მიერ კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობა.
იზღუდება თუ არა ბიზნესის უფლებები?
საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოზიციები ორადაა გაყოფილი, ექსპერტების ერთი ნაწილი დადებითად აფასებს კანონში ცვლილებებს, ხოლო მეორე მხარე მოსალოდნელ საფრთხხეებზე საუბრობს. თუმცა როცა კანონის დონეზე ვიღებთ ახალ რეგულაციას, უნდა ავწონ-დავწონოთ დადებითი მხარე უფრო მეტი აქვს თუ პირიქით.
ჯერ კიდევ ორიოდე კვირის წინ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აღნიშნულია, რომ მოცემული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა შეჩერდეს. ამ ყველაფერს კი რამდენიმე მიზიზე აქვს, მათ შორისაა კორუფციის გაზრდილი დონე, ბიზნეს გარემოს არამდგრადობა და რაც ყველაზე მნიშნველოვანია, ბიზნესის თავისუფლების დაბალი ხარისხი. კონგრესშიც კი ხედავენ, რომ დღესდღეობით საქართველოში ბიზნესსექტორი ბოლომდე თავისუფალი არაა. კონგრესის ეს განცხადება ერთგვარი განგაში უნდა ყოფილიყო საქართველოსთვის, თუმცა ჩვენ საპასუხოდ ისეთი კანონპროექტებს ვიღებთ, რაც ბიზნესის საქმიანობაში უხეშ ჩარევას ასახავს. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, კანონის ძალით უწყებას აქვს უფლება სუბიექტების კერძო საკუთრების განკარგვაში ჩაერიოს. აქ მთავრი კითხვა კი ისაა, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოს საინვესტიციო იმიჯზე და რამდენად დადებითად იმოქმედებს მთლიანად ეკონომიკაზე.
საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოსვლის ტენდეციას თუ დავაკვირდებით დავინახავთ, რომ ის 2016 წლიდან დღემდე ერთგვარ რეგრესს განიცდიდა. მეორე მხრივ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით კორონავირუსის პირობებში 2020 წლის პირველ კვარტალში უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად 41.7%-ით შემცირდა.
მაშინ როცა ჩვენ ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ იმისათვის, რათა უცხოელ ინვესტორებს დავახვედროთ ეკონომიკურად თავისუფალი, დაცული გარემო, საპასუხოდ ისეთი სახის კანონპროექტებს ვიღებთ, რომელიც თავისი არსით ბიზნესის ქმედების უფლების შემზღუდავია. რასაკვირველია, უცხოელი ინვესტორები პირველ რიგში სწორედ ამას უყურებენ. მათთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი კერძო სექტორი, რომელსაც ბაზარზე ოპერირება თავისუფლად შეუძლია, მესამე ძალის ჩარევის გარეშე. შესაბამისად ჯერ კონგრესის განცხადება, ხოლო შემდგომში ასეთი ტიპის რეგულაციები საქართველოს, როგორც ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
ნოდარ სირბილაძე