საქართველოში რითეილ ასოციაცია დაარსდა

საქართველოში რითეილ ასოციაცია დაარსდა, რითაც ქვეყნის 13 წამყვანი ქსელური ბიზნეს სუბიექტი ერთ ორგანიზაციაში გაერთიანდა. რითეილ ასოციაციის ცნობით, ასოციაცია წევრი კომპანიების და ზოგადად ქვეყანაში საცალო სექტორის განვითარებაზე იზრუნებს.

მათი ინფორმაციით, ასოციაციის შესახებ მსჯელობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო. როგორც ასოციაციაში აღნიშნავენ, საერთო გამოწვევები, საკანონმდებლო ცვლილებები, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - ეს და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ასოციაციის დღის წესრიგში უკვე მოექცა.

როგორც ასოციაციის თავმჯდომარე, მირანდა მანჯგალაძე აცხადებს, ქვეყანაში აქტიურად იზრდება ორგანიზებული ბაზრის წილი, აქედან გამომდინარე, საცალო სექტორის ბიზნეს სუბიექტებს შორის თანამშრომლობა, კოლაბორაცია და მოკავშირეობა პრიორიტეტად იქცა ყველასთვის.

„ნებისმიერი სექტორის განვითარების რაღაც ეტაპს ბუნებრივად მოაქვს ასოციაციის წარმოქმნის საჭიროება, ასე მოხდა ჩვენთანაც“,-აღნიშნავს მანჯგალაძე.

მისი თქმით, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა ქვეყნის და ეკონომიკის სექტორის განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა, „თუმცა ამ სტანდარტებამდე კონკრეტული ნაბიჯებით და ეტაპებით უნდა მივიდეთ. სწორედ ამ კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებს ასოციაცია კანონმდებლებთან ერთად“.

რითეილ ასოციაციის გამგეობის წევრის, ზვიად მეფარიშვილის განცხადებით, სახელმწიფოსთან ურთიერთობისთვის სჯობს, ასოციაცია იყოს ოფიციალური საკონტაქტო ორგანო მთავრობასა და საცალო სექტორს შორის.

„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, პანდემიამ და შეზღუდვებმა, დაგვანახა, რომ შესაძლებელია ქვეყანაში ისე ხშირად იცვლებოდეს რეგულაციები საცალო სექტორში, რომ ამისათვის სექტორის მხრიდან კოორდინირებული მუშაობა იყოს საჭირო, რათა არც ბიზნესი დაზარალდეს და არც - მომხმარებელი“, - აღნიშნავს მეფარიშვილი.

„მთავრობა ევრორეგულაციების დანერგვის აქტიურ ფაზაშია შესული. ეს, ცხადია, მისასალმებელია, ამიტომაც, ვფიქრობთ, რომ ასოციაციის ჩართვა ამ პროცესს უფრო კოორდინირებულს გახდის“, - აღნიშნავს ასოციაციის გამგეობის წევრი ია ნადირაშვილი.

გარდა ამისა, მათი ინფორმაციით, ასოციაცია სამომავლოდ აქტიურად იზრუნებს საცალო სექტორის სწორი მიმართულებით განვითარებასა და საქართველოში განვითარებული ქვეყნების წარმატებული მაგალითების დანერგვაზე.

რითეილ ასოციაციის გამგეობის წევრი, დავით ურუშაძე მიიჩნევს, რომ ორგანიზებული ბაზრის მნიშვნელოვანი დადებითი მხარე მომხმარებლისთვის, პირველ რიგში, ყველა იმ სტანდარტის დაცვაა, რაც სურსათის უვნებლობასა და მომსახურების მაღალ დონეს უზრუნველყოფს.

„ჩვენ ვყიდით არამხოლოდ პროდუქტს, არამედ კარგ სერვისსაც, ამიტომაც ჩვენი მიზანია, გვქონდეს ერთი და იგივე მაღალი სტანდარტი როგორც თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში, ასევე - ქვეყნის თითოეულ რეგიონში“, აღნიშნავს ურუშაძე.

მისი თქმით, საქართველოში საცალო სექტორის განვითარებას ასოციაციამ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი.

გარდა საკანონმდებლო ცვლილებებში აქტიური მონაწილეობისა, ასოციაცია გეგმავს მნიშვნელოვან აქტივობებს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისა და ასევე - ახალგაზრდა სტარტაპერების მხარდაჭერის კუთხით.