რა ქონებას ფლობს დეპუტატი, რომლის ოჯახმაც სამეწარმეო საქმიანობიდან 1 წელში 9.9 მლნ-ზე მეტის შემოსავალი მიიღო

საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატია, რომელთა ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში ბიზნესიდან მოხვდა. მათ შორის არის კახაბერ ოქრიაშვილი, PSP-ს ერთ-ერთი მფლობელი. როგორც ოქრიაშვილის მიერ 2020 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, მისმა ოჯახმა, გასული 1 წლის განმავლობაში სამეწარმეო საქმიანობიდან 9.9 მლნ ლარზე მეტის შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება დეპუტატის ქონებას და ფინანსურ მდგომარეობას, 30 ივლისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ის ფლობს 677,2 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს წავკისში; 250 კვ. მეტრის ნაგებობას დმანისში; ჯამში 3 859 კვ. მეტრი ფართობის 3 მიწის ნაკვეთს წავკისში; 4 499 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ განთიადში და დმანისში მდებარე ორ ბინას. მის საკუთრებაშია ასევე: 21 811 კვ. მეტრი ფართობის 3 მიწის ნაკვეთი წავკისში.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, ოქრიაშვილის მფლობელობაშია, იარაღი - SAUER 202, რომელიც 4 500 ევროდ აქვს შეძენილი, ასევე მის საკუთრებაშია 3 მსუბუქი ავტომობილი - TOYOTA LAND CRUISER, TOYOTA HILUX და BMW X5 XDRIV.

ამასთან, ოქრიაშვილი ფლობს სს „ელექტრონიკა 94“-ის 21 624 აქციას და „პსპ დაზღვევის“ აქციებს. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 36 933 ლარი; 6 875 დოლარი; 2 451 819 ევრო, ასევე 78 533 ევროს საკრედიტო და ნაღდი ფულადი თანხის სახით - 2 000 000 დოლარი ჰქონდა.

კახაბერ ოქრიაშვილი რამდენიმე კომპანიის მეწილედ ფიქსირდება. მათ შორის არის - შპს „ალფას“ 100%-იანი წილის მფლობელი, რომლის საქმიანობითაც შემოსავლის სახით 409 248 ლარი აქვს მიღებული; მის საკუთრებაშია ასევე - შპს „მანდარინის“ 100%-იანი, შპს „ჯისითი ინჟინერინგის“ - 37,5%-იანი, შპს „პატრია მედიკას“ 100%-იანი, შპს „მარგვეთის“ 15%-იანი, შპს „სანიმედის“ 100%-იანი, შპს PSP-ს 59%-იანი, შპს „აქსა მედიქალ-ის“ 100%-იანი და შპს „სპორტს საიენს ჯორჯიას“ 100%-იანი წილები, თუმცა, ამ საწარმოთა საქმიანობით დეპუტატს გასულ წელს შემოსავალი არ მიუღია.

გარდა ამისა, ოქრიაშვილს ეკუთვნის - შპს „პსპ ფარმას“ 95%-იანი წილი, რომლის საქმიანობითაც - 2 527 000 ლარის შემოსავალი მიიღო; შპს „ჯეომედ Geomedის“ 25%-ი, რომლის შედეგადაც 23 750 ლარის შემოსავალი უფიქსირდება, ხოლო მისმა როგორც სს „ელექტრონიკა 94“-ს აქციონერის შემოსავალმა 2019 წელს 64 898 ლარი შეადგინა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მას ყველა უძრავ-მოძრავი ქონების და იურიდიული პირების მართვისა და განკარგვის მინდობილობა აქვს გაცემული.

ამასთან, მისმა როგორც პარლამენტის წევრის, ფრაქციის თავმჯდომარის შემოსავალმა გასულ წელს 47 699 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება მის ოჯახს, როგორც ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, კახა ოქრიაშვილის მეუღლე ფლობს, 276 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართსა და 94,23 კვ. მეტრის ბინას თბილისში. არის შპს „ლინატის“ 100%-იანი წილის მფლობელი, „ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობის“ დირექტორი, ასევე შპს „ჯი-ემ-პი“-ს 100%-იანი წილის მფლობელი, რომლის საქმიანობითაც 1 წელიწადში 6 956 200 ლარის შემოსავალი მიიღო. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 12 102 ლარი ჰქონდა. ამასთან, მისმა შემოსავალმა სს „ეგისი ფარმაცეუტიკალსის წარმომადგენლობის“ დირექტორის პოზიციაზე 72 131 ლარი შეადგინა.

თაია არდოტელი