პარტია „პროგრესული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი მურცხვალაძის განაცხადებით, საქართველოს განვითარების კონკრეტული გეგმა შეიმუშავეს. მისივე თქმით, პარტიის გეგმა 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგება.
,,შევიმუშავეთ საქართველოს განვითარების კონკრეტული გეგმა მკაფიო გზავნილებით და ქმედითი ნაბიჯებით. 1. უნდა გაკეთდეს ის, რაც ყველამ იცის და ვერავინ ვერ ბედავს ამის ხმამაღლა თქმას პოლიტიკურ სივრცეში. საქართველო უნდა შევიდეს ევროზონაში, ლარის მაგივრად საქართველოში ვალუტა უნდა იყოს ევრო. 2. უნდა განხორციელდეს სახელმწიფო აქტივების განკერძოება, საქართველოში ქონების 80%-ზე მეტი არის მთავრობის მფლობელობაში. ამ აქტივების დიდი ნაწილი უნდა გადავიდეს კერძო მფლობელობაში. 3. ეს არის საჯარო ფინანსების გამჭირვალეობა. არ არსებობს ბუნებაში ისეთი რაღაც, როგორიც არის სახელმწიფო ბიუჯეტი, ეს არის ხალხის ფული. საჯარო ინფორმაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი, თუ რაში იხარჯება ხალხის ფული ბოლო თეთრამდე. ამ 3 კომპონენტის დაწყებით ჩვენ ბევრ სხვა რაღაცას მივაღწევთ. ეს არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა, საფონდო ბირჟის განვითარების პერსპექტივა და შესაძლებლობა, რომ რეგიონისთვის გავხდეთ საინტერესო საინვესტიციო ქვეყანა. არ არის აუცილებელი სახელმწიფო იყოს ევროკავშირის წევრი, რომ ამავდროულად იყოს ევროზონის წევრი. ეს მოთხოვნები რომ დავაკმაყოფილოთ, უკვე უნდა დავიწყოთ მუშაობა ამასთან მიმართებაში, დღეს ეროვნული ბანკი და საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროზონაში შევიდეს,“ - აღნიშნა ირაკლი მურცხვალაძემ.