"ჯაპანა-ლანჩხუთის გზის მონაკვეთის გახსნა მნიშვნელოვანია როგორც დროის ეკონომიის, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით"

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე თითოეული დამატებითი მონაკვეთის გახსნა მნიშვნელოვანია როგორც დროის ეკონომიის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით მან ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კილომენტრიანი მონაკვეთის გახსნისას ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ყველაზე დატვირთულ გზაზე, დაახლოებით 6 სოფლის გავლის ნაცვლად, ამჟამად შესაძლებელია საერთაშორისო სტანდარტების მონაკვეთზე გადაადგილება.

„შეიძლება 14 კილომეტრი არ ჟღერს მნიშვნელოვნად, მაგრამ ეს არის დაახლოებით 30%-ით დროის შემცირება, დროის დაზოგვა იმ მონაკვეთზე, სადაც ჩვენ მანამდე ჯაპანა-ლანჩხუთამდე გადავაადგილდებოდით, დროის ეკონომიის გარდა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სტანდარტი მაშინ, როდესაც განსაკუთრებით ამ სეზონზე, დამსვენებლები, გარდა იმისა, რომ დასახლებულ პუნქტებს აღარ გაივლიან და დისკომფორტი აღარ შეიქმნება, უსაფრთხოდ გადაადგილებას შეძლებენ“,- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ცქიტიშვილის განცხადებით, სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობის პროცესში არსებული გეოლოგიური პრობლემები აღმოფხვრილია და დღეს გახსნილი 14 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის გარდა, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები პირველ და მეოთხე ლოტზე.

„ჩვენ უკვე გაისად გავხსნით კიდევ დამატებით ორ მონაკვეთს. მესამე მონაკვეთზე კი სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. სამტრედია-გრიგოლეთის გზაც არის მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ნაწილი. საქართველოზე გამავალი მაგისტრალები არის არა მხოლოდ თბილისიდან ბათუმამდე გზა, არამედ ეს არის საერთაშორისო მაგისტრალის ნაწილი, რომელიც ევროპას და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.